გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება განიხილეს.

„2018 წლის 14 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობას, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან აქვს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროს რეფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები მოჰყვება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საკითხის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, საკრედიტო შეთანხმების საფუძველზე საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით 60 მლნ. ევროს გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 20 წელი მათ შორის, 5 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი იქნება ფიქსირებული ან ცვლადი, რომელიც თანხის ჩამორიცხვის დროს გადაწყდება.

„თანხის ჩამორიცხვა უკავშირდება ენერგეტიკის სექტორის იმ რეფორმებს, რომელიც მეორადი აქტების მიღებას და მათ პრაქტიკაში იმპლემენტაციას ეხება, რაზედაც პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დაამტკიცა”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ საკრედიტო შეთანხმებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. „მისასალმებელია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც დარგში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას უკავშირდება”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

Leave a Reply

Menu Title