კრემლი ადასტურებს – რუსეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი „გაზის სამთა კავშირს“ ქმნიან

რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით „გაზის სამთა კავშირის“ შექმნის იდეა გაფორმდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა. იმის შესახებ, რომ პროექტის განხილვა მიმდინარეობს, მანამდე, სამშაბათს, ყაზახეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმაც თქვა.

პესკოვის თქმით, ამ რეგიონში ენერგომატარებლების მიწოდების მარშრუტები უკიდურესად აქტუალურია. კრემლის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ასეთი კავშირი „სამივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება“.

„ბუნებრივია, ეს იდეა და ინიციატივა რაღაცნაირად გაფორმდება. ამას მკაფიო კონტურების ჩამოყალიბების მხრივ ვამბობ. საუბარი იმაზეა, რომ ეს არის უზარმაზარი და ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია რეგიონში“, – თქვა პესკოვმა.

აღნიშნული კავშირის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის ყაზახ კოლეგა ყასიმ–ჟომართ თოყაევთან კრემლში 28 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილა. მხარეები პროექტის კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.

პარალელურად, აქტიურად განიხილება ყაზახური ენერგომატარებლების ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი სამხრეთ კავკასიის, მათ შორის აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. ამ საკითხის განხილვებში აქტიურად არიან ჩართული თურქეთისა და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title