საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე იზრდება, USAID-მა ქართულ კომპანიასთან დოკუმენტი გააფორმა

USAID-მა და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიამ დღეს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის წერილს, რომლის საფუძველზეც საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე გაიზრდება, კერძოდ, გორში 5 მეგავატი მზის სიმძლავრე დაემატება.

USAID და საქართველოს განახლებადი ელექტროენერგიის კომპანია ითანამშრომლებენ მზის ენერგიის პროექტის შემუშავებაზე 21 მეგავატიან ქართლის ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში.

პროექტის განვითარებისთვის USAID ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას. ამასთანავე, ორივე მხარე ხელს შეუწყობს პოტენციური პროექტების განვითარებას, რომლებიც კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდით მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოს განახლებად ენერგიაში.

„განახლებადი და სუფთა ენერგია უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის ცვლილების საქმეში. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის უფრო სტაბილურ და ხელმისაწვდომ მიწოდებას საქართველოს მოსახლეობის, ბიზნესების, საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის და ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან“, – აღნიშნა USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა.

ამერიკული მხარის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში USAID მხარს უჭერდა საქართველოში სუფთა, განახლებადი, საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგიის განვითარებას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აყვავებული და უსაფრთხო საქართველოსთვის მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი.

წყარო: https://europetime.eu/

Leave a Reply

Menu Title