მცოცავი ოკუპაციის შედეგად BP-ის ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა

ევროკავშირში კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი პრობლემის შესახებ

2022 წლის 1 დეკემბრიდან თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო გენერალურმა დირექტორატმა გაამკაცრა მოთხოვნები ბოსფორითა და დარდანელით ნავთობის ტანკერების გავლაზე. ამიერიდან ანკარა სადაზღვევო კომპანიებისგან მოითხოვს წერილს, რომელიც დაადასტურებს გემის სპეციალური ე. წ. P&I დაზღვევას.

ეს არის ახალი საზღვაო სადაზღვევო პოლიტიკა, ის მოიცავს გემთმფლობელების პასუხისმგებლობას მესამე მხარის წინაშე გარემოს ან ტვირთის დაზიანების შემხვევაში, ასევე ჯარიმებსა და მასთან დაკავშირებულ სანქციებს. აღნიშნული დაზღვევა ასევე ვრცელდება მთელ რიგ საფრთხეებზე, მათ შორის ნავთობის დაღვრასა და შეჯახებაზე.

შავი ზღვით ტრანზიტის სირთულეები

სადაზღვევო წერილი გემის აგენტებისა და სადაზღვევო კომპანიების მიერ უნდა დაემატოს ნაოსნობის გეგმის 1 (SP-1) ანგარიშს თურქეთის საზღვაო ხელისუფლებისთვის საზღვაო დოკუმენტების წარდგენისას. ეს წერილი უნდა გაგზავნონ სადაზღვევო კომპანიებმა ან მათმა წარმომადგენლებმა. ეს მოთხოვნა პირველ რიგში რუსული და ყაზახური ნავთობით დატვირთულ ტანკერებს ეხებათ, თუმცა ის საქართველოს  ბათუმისა და სუფსის პორტებიდან ტანკერებით გასაგზავნ, კასპიისპირეთის ნავთობით დატვირთულ, ტანკერებსაც შეეხება.

უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ თურქეთმა გადაწყვიტა გაზარდოს გემების ტრანზიტი შავი ზღვის სრუტეებში. ანკარას დამატებითი შემოსავლების მიღების შანსი გაუჩნდა – მსოფლიოში სწორედ საზღვაო გზით გადაიზიდება ნავთობის უდიდესი ნაწილი. თურქეთის წლიური შემოსავალი სრუტეების გავლით 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ჯერ კიდევ 1936 წელს ხელმოწერილი მონტრეს კონვენცია ე.წ. თურქული სრუტეების შესახებ, თურქეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს გაზარდოს გადასახადები შუქურით სარგებლობის, სავაჭრო გემების ევაკუაციისა და სამედიცინო დახმარებისთვის. ამ კონვენციის საფუძველზე 2022 წლის 7 ოქტომბრიდან თურქეთმა უკვე 5-ჯერ გაზარდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით ტრანზიტის ღირებულება.

აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის 2022 წლის 9 ნოემბერს, „ანადოლუს“ სააგენტოთი გავრცელებული მოხსენების თანახმად, მსოფლიოში ნავთობპროდუქტების დაახლოებით 63 პროცენტი საზღვაო მარშრუტებზე მოძრაობს. ამავე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2013 წელს მსოფლიო აწარმოებდა დაახლოებით 90 მილიონ ბარელ ნავთობს დღეში და ამ ნავთობის 63 პროცენტი (დღეში 56 მილიონი ბარელი) საზღვაო ტრანსპორტით გადიოდა. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ჰორმუზისა და მალაკას სრუტეებია მსოფლიოში ყველაზე სტრატეგიული საზღვაო სატრანზიტო მარშრუტები იმ ნავთობის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც მათზე გადის.

ჰორმუზისა და მალაკას სრუტეებთან ერთად, მსოფლიოში არის კიდევ ხუთი სატრანზიტო მარშრუტი, რომლებიც გადამწყვეტია ნავთობის დიდი მოცულობების ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის სუეცის არხი და სრუტე ბაბ ელ-მანდები, რომელიც მდებარეობს აფრიკის რქასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, აგრეთვე დანიისა და თურქეთის სრუტეები და პანამის არხი. აღნიშნული სატრანზიტო მარშრუტების დროებით დაბლოკვამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის მთლიანი ხარჯების და მსოფლიო ენერგეტიკული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. 2012 წელს ირანი დაემუქრა დასავლეთს ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით და მოითხოვდა მეტ უფლებებს მის საზღვაო საზღვრების სიახლოვეს. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა თავისი საზღვაო ფლოტი ჰორმუზის სრუტეში. მოხსენებაში ხაზგასმულია თურქეთის სრუტეების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ  ნავთობის გაზრდილი ექსპორტი კასპიის ზღვის რეგიონიდან თურქეთის სრუტეებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სატრანზიტო მარშრუტად აქცევს: „თურქეთის სრუტეებით ნავთობი მიეწოდება დასავლეთ და სამხრეთ ევროპას“.

თუმცა, თურქულ სრუტეებთან დაკავშირებით სიტუაციის პიკანტურობა ისაა, რომ ზოგიერთმა სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება უარი თქვას ზემოაღნიშნული წერილების გაცემაზე. თურქეთი ხომ უკვე 20 წელია ოფიციალურად შეუერთდა „ნავთობით დაბინძურების ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთაშორისო კონვენციას“, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის სრუტეებში გამავალ გემებს აპრიორი სპეციალური სერტიფიკატი აქვთ. და თუ ასეა, სადაზღვევო კომპანიები ვერ ხედავენ P&I დაზღვევის დამადასტურებელი წერილის წარდგენის საჭიროებას.

ამგვარი პოლისების უმრავლესობას ბრიტანული კომპანიები გასცემენ. მათი სერიოზული ავტორიტეტის გათვალისწინებით, ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს აკრძალვა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ნაოსნობის დადგენილ წესებზე, ასევე თურქეთის მხრიდან კონტროლის გაძლიერებაზე. არადა, სრუტეებზე ტრანზიტი სულ იზრდება. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნოვოროსიისკიდან რუსული ნავთობის მიწოდება ბოსფორის სრუტით დღეში დაახლოებით 650 000 ბარელს აღწევს. ამავე პერიოდში ნოვოროსიისკის და პორტ კავკაზის პორტებიდან ასევე იგზავნებოდა დღეში 1.3 მილიონი ბარელი ნავთობი ყაზახეთიდან. ამ ქვეყნის ნავთობის ძირითადი ნაკადი „თენგზის“, „კარაჩაგანაკის“, „კაშაგანის“ საბადოებიდან საერთაშორისო „კასპიის მილსადენი კონსორციუმის“ (CPC) მილებით იგზავნება ნოვოროსიისკში. ა/წლის 19 ნოემბერს, აგვისტოში დაწყებული სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყაზახური ნავთობით ტანკერების შევსება დაიწყო SPM-1-ით (Single Point Mooring) – ნოვოროსიისკის ნავსადგურის მცურავი ნავმისადგომიდან. ეს ადასტურებს მოსაზრებას, რომ ყაზახეთი ტრადიციულად, თავისი ნავთობის უმეტესი ნაწილის ექსპორტს ისევ ნოვოროსიისკის ტერმინალებიდან განახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე და მესამე ნავმისადგომების, – SPM-2-ის და SPM-3-ის რემონტიც მალე დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ამ მარშრუტზე ტრანზიტს.

ნავთობის ნაკადების კონცენტრაცია

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო ა/წლის დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტს და მას კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემაზე, ანუ ნოვოროსიისკზე გადაიტანს. Reuters-ის ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება ევროკავშირის ემბარგოს უკავშირდება, რომელიც ა/წლის 5 დეკემბრიდან ევროპელ მყიდველებს რუსული ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას უკრძალავს. ემბარგო საერთაშორისო „კასპიის მილსადენის კონსორციუმს“ (CPC) არ შეეხება, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტია. ამასთან, სამხრეთ კავკასიით ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 4.1 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 2,815 მლნ ტონა გადაიქაჩა, რაც 46,8%-იანი ზრდის მაჩვენებელია. „ლუკოილი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის საკუთარი საბადოებიდან, „იური კორჩაგინიდან“ და „ფილანოვსკიდან“ ახორციელებდა. ექსპორტირებული მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონ ტონას შეადგენდა. აშკარაა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან ეს ნავთობი CPC-ში გადაინაცვლებს, რაც საქართველოს სატრანზიტო შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებთან ერთად, ა/წლის 5 დეკემბრიდან საზღვაო გზით გაგზავნილ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა, ბარელზე 60 დოლარი, რაც მათ საშუალებას მისცემს ნედლი ნავთობის ნაკადი რუსეთიდან კვლავ მიიღოს, მაგრამ მოსკოვს შემოსავლები შეუმციროს.

ინიციატივის იდეაა დაზღვევისა და იმ სერვისების შეზღუდვა, რომლებიც საშუალებას მისცემს რუსულ ენერგო კომპანიებს ნედლი ნავთობის გადაზიდვა გაძვირებულ ფასად მოახდინონ. ეს არის ევროკავშირის ადრინდელი გეგმების კორექტირება რუსული ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ. ენერგეტიკული უსაფრთხოების მოსაზრებებით, ჯერ-ჯერობით რუსული ნავთობის ექსპორტი „დრუჟბას“ მილსადენით ნაწილობრივ შენარჩუნდება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, უნგრეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში.

ამგვარ, კომპრომისულ ემბარგოს მხარი დაუჭირა აშშ-მა, რომელსაც ამ ეტაპზე არ სურს რუსული ექსპორტის მკვეთრი ვარდნა, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა. ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ ადრინდელი რაოდენობით შეიძინონ შეზღუდვების გამო გაძვირებული, საზღვაო ტანკერებით შეტანილი რუსული ნავთობი, თუმცა რუსული ნავთობის ექსპორტი, სავარაუდოდ, გადამისამართდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი.

პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი თვლიან, რომ ფასის ზედა ზღვარი, ბარელზე 60 დოლარი –  რუსეთს კვლავ ძალიან დიდ შემოსავალს დაუტოვებს, რადგან მისი თვითღირებულება მხოლოდ 20 დოლარია. თუმცა, საპირისპირო არგუმენტის მქონეები ამტკიცებდნენ, რომ აუცილებელია რუსეთს ჯერ კიდევ ჰქონდეს საკმარისი სტიმული წარმოების შესანარჩუნებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ენერგომომარაგების გლობალური შეფერხება – მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისი. JP Morgan-მა ევროკავშირი გააფრთხილა, რომ ნავთობის ფასმა შეიძლება მიაღწიოს „სტრატოსფერულ“ 380 დოლარს ბარელზე, თუ რუსეთი, ბრიუსელიდან ფასის ზღვარის დაწესების საპასუხოდ, შეამცირებს ნავთობმოპოვებას დღეში 5 მილიონი ბარელით, ხოლო 3 მილიონი ბარელით შემცირებამ, შესაძლოა ევროპული ნავთობის – Brent-ის ფასი ბარელზე 190 დოლარამდე გაზარდოს.

მეორეს მხრივ, კვიპროსი, საბერძნეთი და მალტა, რომლებსაც აქვთ გადაზიდვის მძლავრი საშუალებები და საპორტო-სატერმინალო ინდუსტრია, თვლიან, რომ ლიმიტი ძალიან დაბალია და ითხოვენ კომპენსაციას ბიზნესის დაკარგვისთვის, ან უფრო მეტ დროს ემბარგოს გეგმის განსახორციელებლად.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ რუსეთი თავისი ნავთობის დაახლოებით 70-85%-ის ექსპორტს ახორციელებს ტანკერებით, და არა მილსადენებით, და ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ამ საზღვაო გადაზიდვების შეზღუდვას, სადაზღვევო და გადაზღვევის ფირმების რუსულ ნედლ ნავთობთან არ დაშვებას მთელ მსოფლიოში იმ შემთხვევაში, თუ ის გაიყიდება ფასის ზღვარს ზემოთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მსხვილი გადამზიდავებისა და სადაზღვევო ფირმების უმეტესობა დაფუძნებულია სწორედ რუსეთისადმი სანქციების ინიციატორ, G7-ის ჯგუფის ქვეყნებში.

გაზის ფასის დადგენის სირთულეები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის მიზანი იყო სწრაფად შეემცირებინა დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე. ამასთან, ფასების ცვლილებაზე ბრიუსელი თავს იკავებდა. საბოლოოდ, ბლოკმა მოახერხა რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარების შეჩერება უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ბევრი ოფიციალური პირი და ანალიტიკოსი ელოდა, მაგრამ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებმა ევროკავშირის დედაქალაქებში ღრმა განხეთქილება გამოიწვია. ა/წლის ნოემბრის ბოლოს, ბრიუსელის მიერ გამოთქმული წინადადება საბითუმო გაზის ფასის 275 ევროს ოდენობით (ერთი მეგავატ/საათში) შეზღუდვის შესახებ, კრიტიკოსებმა “ხუმრობად” შეაფასეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ასეთი ცვლილება წარმოუდგენელია ზაფხულში გაზის ფასების ზრდის შემდეგ. ევროკავშირის ლიდერები ემზადებიან სამიტისთვის დეკემბრის შუა რიცხვებში, სადაც ისინი აპირებენ დაასრულონ მუშაობა ენერგეტიკულ პაკეტზე, რომელიც ასტაბილურებს გაზის ფასებს და მიწოდებას. რა არის ბრიუსელის გაზის ომის დროს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი ელემენტები და რამდენად წარმატებული იქნება ისინი? რას აკეთებს ევროკავშირი რუსული გაზისგან თავის დასაღწევად?

2022 წლის მაისში ევროკავშირმა გამოაქვეყნა 210 მილიარდი ევროს გეგმა სახელწოდებით RePowerEU, რომელიც დააჩქარებს განახლებადი ენერგიის გავრცელებას, მრეწველობას უფრო ენერგოეფექტურს გახდის და გაზრდის შიდა წიაღისეული საწვავის წარმოებას. ასევე წარმატებული იყო გაზის მოთხოვნის შემცირების მცდელობა მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ნებაყოფლობით მიზანს ივლისში ბლოკში მოხმარების 15 პროცენტით შემცირების შესახებ.

რატომ ცდილობდა ევროპა გაზის ფასის ლიმიტზე შეთანხმებას? ევროკავშირის უთანხმოება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემცირდეს გაზისა და ელექტროენერგიის მაღალი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია რუსული ექსპორტის შემცირებით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი

თუმცა, ევროპას შეიძლება კვლავ შეექმნას 30 მილიარდი კუბური მეტრის გაზის დეფიციტი მომავალი ზაფხულში გაზსაცავების შევსების პერიოდში, თუ რუსეთი შეაჩერებს დასავლეთში მილსადენებით მიწოდებას და ჩინეთის მოთხოვნა თხევად ბუნებრივ აირზე გაიზრდება, თანაც მოსკოვი გააუქმებს კორონავირუსულ შეზღუდვებს. რუსეთიდან მილსადენი გაზი ადრე ევროკავშირის მიწოდების დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ დღეს 8 პროცენტამდე შემცირდა. საიდან იღებს ევროპა გაზს?

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს წელიწადში 155 მილიარდი კუბური მეტრის რუსული მილსადენის გაზის თანდათანობით ჩანაცვლება. ალჟირთან, აზერბაიჯანთან, ეგვიპტესთან და შეერთებულ შტატებთან გაფორმებულმა ახალმა გარიგებებმა ბრიუსელს „მოუტანა“ ამ ქვეყნებიდან 24 მილიარდი კუბური კუბური მეტრით მეტი გაზი მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ვიდრე იღებდა მათგან 2021 წელში.

დასკვნა

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს 2027 წლისთვის მთლიანად შეზღუდოს რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება. ამ დროისთვის, ბლოკმა გაზარდა რუსული თხევადი გაზის ტანკერებით მიღება დაახლოებით 50 პროცენტით. ბრიუსელი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ნორვეგიასთან გაზმომარაგების გაზრდაზე, რომელიც ახლა ევროპის გაზის ყველაზე დიდ მიმწოდებელს წარმოადგენს. ევროკავშირის მინისტრები ახლოს არიან, რომ შეთანხმდნენ ე.წ. „მესამე საგანგებო პაკეტზე“, ენერგეტიკული ხარჯების შესამცირებლად.

წინასწარ შეთანხმებული ზომები მოიცავს ორი ახალი გადასახადის შემოღებას – ერთი მიმართულია განახლებადი ენერგიის მომწოდებლებზე, რომლებიც ელექტროენერგიას ყიდიან და რაც დაკავშირებულია გაზის მაღალ ფასებთან; და მეორე – ნავთობისა და გაზის მწარმოებლების მოგებაზე. წევრი ქვეყნების ეროვნულმა მთავრობებმა უკვე ხელი მოაწერეს საგადასახადო კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს და უნდა გამოყონ მობილიზებული თანხები მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტების მოსაზრებით, გაზრდილი ტარიფების მობილიზება რთული იქნება და ზოგიერთ წევრ ქვეყანაში აკრეფილი გადასახადები შეიძლება არ იყოს დიდი.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა ა/წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. დიპლომატები შიშობენ, რომ გარიგებაზე შეთანხმება რთული იქნება.

წყარო: for.ge

Leave a Reply

Menu Title