ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე რუსეთში საბიუჯეტო დეფიციტი გაორმაგდა

ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე წლის შედეგებით, საპროგნოზო მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბებს, – განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. კერძოდ, მთავრობის ხარჯები შემოსავლებს მშპ-ის 2%-ის ტოლი თანხით გადააჭარბებს, ზაფხულში პროგნოზირებული 0,9%-ის ნაცვლად.

“წლის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯები გველის. საბიუჯეტო “ხვრელის” ამოვსებას ვალის აღებითა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების მეშვეობით ვგეგმავთ” – აღნიშნა სილუანოვმა.

ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად აგრძელებდა ნავთობის ექსპორტს და პორტებიდან ყოველდღიურად დაახლოებით 3 მლნ ბარელს გზავნიდა, ნოემბრისთვის ნავთობიდან შემოსავლები ერთბაშად 25%-ით შემცირდა. ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ზარალდება ემბარგოს ფონზე რუსული ნავთობის თითქმის 2-ჯერ გაუფასურების გამო, – წერს Bloomberg.

“პრიმორსკის პორტიდან გაგზავნისას Urals-ის მარკის ნავთობბარელის ფასი 43,73 დოლარამდეა დაცემული და ამით უკვე 30$-ით ჩამორჩება Brent-ს). “Urals-ს კლიენტები თითქმის აღარ ჰყავს და მათ მოსაზიდად ფასის კატასტროფული დაწევა უწევთ”, — ამბობს”Argus”-ის ანალიტიკოსი მაიკლ კაროლანი და დასძენს, რომ ვინაიდან რუსული ბიუჯეტისთვის ნავთობი შემოსავლის ყოველი მესამე რუბლია, მისმა დეფიციტმა წელს შესაძლოა, პროგნოზირებული 2,5 ტრლნ რუბლის ნაცვლად, მხოლოდ 1,3 ტრლნ შეადგინოს.

შემოსავლების შემცირების გარდა, პრობლემას ამძაფრებს მთავრობის ხარჯების ზრდაც, რომელთა ოდენობა დაგეგმილს, მაღალი ალბათობით, 29 ტრლნ რუბლით გადააჭარბებს, – ამბობს”Альфа-банк”-ის მთავარი ეკონომისტი ნატალია ორლოვა.

მარტო მობილიზაციის ხარჯები და ომში გაწვეულთათვის გასაცემი თანხები ფედერალურ ბიუჯეტს სავარაუდოდ, 900 მლრდ-დან 3 ტრლნ რუბლამდე თანხას “შეუჭამს”, – აღნიშნავს კომპანია «Локо-Инвест»-ის საინვესტიციო დირექტორი დიმიტრი პოლევოი.

მომავალი წლისთვის ფინანსთა სამინისტრო ნავთობისა და გაზის სფეროებიდან შემოსავლების კიდევ 23%-ით — 11,7-დან 8,9 ტრლნ რუბლამდე ვარდნას პროგნოზირებს. ამასთან, ხარჯების შემცირებას მთავრობა არ გეგმავს, რაც ბიუჯეტში 2,9-ტრილიონიან “ხვრელს” გამოიწვევს.

თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს მაჩვენებლებიც კი მეტისმეტად ოპტიმისტური შეიძლება, აღმოჩნდეს: საბიუჯეტო პროექტში ხომ გათვლა 70-დოლარიან ნავთობბარელზე იყო გაკეთებული. ამასთან, ნავთობის მოპოვების 9%-ით შემცირება მთავრობის შემოსავლებს კიდევ 1-1,4 ტრლნ რუბლით შეამცირებს, – განმარტავს “Bloomberg Economics”-ის ანალიტიკოსი ალექსანდრე ისაკოვი და იქვე დასძენს, რომ “მთავრობას ქამრების შემოჭერა და ვალის მომსახურებაზე ეკონომია მოუწევს”.

“საბიუჯეტო წნეხი მნიშვნელოვნად იზრდება და ზრდას მომავალ წელსაც განაგრძობს. ბიუჯეტის ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობას გაცილებით მეტის ხარჯვა სურს, ვიდრე რეალურად შეუძლია” – ასკვნის ცენტრალური ბანკის მმართველის ყოფილი მოადგილე ოლეგ ვიუგინი.

Leave a Reply

Menu Title