პუტინი: “რუსეთი ნავთობზე ზღვრული ფასის დადგენას სულ მალე უპასუხებს”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას მოსკოვი უახლოეს დროში უპასუხებს.

მისი თქმით,„კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“.

პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიჰყიდის იმ ქვეყნებს, რომლებიც “ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ”.

მისი თქმით, ფასის ლიმიტის შემოღებიდან რუსეთის “არცერთ შემთხვევაში არ დაზარალდება”.

რუსეთის მეთაურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა ნავთობის მოპოვების შესაძლო შემცირებაზე იფიქრებს.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება OPEC+-თან წარმოების ცნობილ ზღვარზე, მოვიფიქრებთ რაიმე დამატებითს”, – თქვა მან.

პუტინმა დასძინა, რომ ნავთობის ფასის ზღვრის შემოღება ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ – ყველა მწარმოებელს.

“ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება – ეს ეხება ყველა მწარმოებელს. რატომ? იმიტომ, რომ თუ ვინმე ოდესღაც დათანხმდება, რომ მომხმარებელი განსაზღვრავს ფასს, მაშინ ეს გამოიწვევს თავად ინდუსტრიის კოლაფსს, რადგან მომხმარებელი ყოველთვის დაჟინებით მოითხოვს, რომ ფასი დაბალი იყოს“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ფასის ზღვრის გამოყენება ნედლეულის ღირებულების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს.

„დარგში ისედაც არასაკმარისი ინვესტიციაა, არასაკმარისი დაფინანსება და თუ მხოლოდ მომხმარებელს მოვუსმენთ, მაშინ ეს ინვესტიცია ნულამდე ჩამოვა, ეს ყველაფერი, გარკვეულ ეტაპზე, ფასების კატასტროფულ ზრდას და მსოფლიო ენერგეტიკის კოლაფსს გამოიწვევს. ეს არის სულელური წინადადება, გაუაზრებელი და გაუთვლელი“, – განაცხადა პუტინმა.

5 დეკემბერს დასავლეთის ნავთობის სანქციები შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით ევროკავშირმა შეწყვიტა საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობის მიღება, ხოლო G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა საზღვაო ტრანსპორტისთვის ზღვრული ფასი დააწესეს, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით.

Leave a Reply

Menu Title