„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით სხვა რეგისტრში ავა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა“

რა შესაძლებლობებს  ხსნის  შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა  კაბელი  და  რა შედეგებს მოუტანს ის საქართველოს.  ამ  თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა.

გია არაბიძის შეფასებით, ამ პროექტით, საქართველო, როგორც ტრანზიტული დერეფანი კასპიის მხრიდან ევროპისაკენ, უკვე სხვა რეგისტრში და სხვა სიმაღლეზე ავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია,  როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური  თვალსაზრისით.

„ჩვენ უკვე ვხვდებით აუცილებელი დერეფანი ევროპისათვის, აქამდე მხოლოდ გაზისა და ნავთობის საშუალებით ვუკავშირდებოდით ევროპას, მაგრამ ეს იყო თურქეთის  გავლით,  ახლა საქართველო პირდაპირ  უკავშირდება  ევროპას, აქამდე  გვქონდა ჩვენ გაზის და  ნავთობის მიწოდების გამოცდილება, მაგრამ  ელექტროენერგიის  კაბელის  ჩადება  ჩვენ  შემთხვევაში პირველია, ეს ტექნიკურადაც და ეკონომიკურადაც  საინტერესოა. ამ კაბელის  საშუალებით სხვა რეგისტრში  ავა  საქართველოს  ენერგეტიკული  უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

ჩვენ დაახლოებით 800 მილიონ კილოვატ საათის ელექტროენერგია გავყიდეთ  წყალუხვობის პერიოდში  თურქეთში და მარტო იგივე  რაოდენობის  ელექტროენერგია რომ გაგვეყიდა  ევროპაში რა მაღალ  ფასს ავიღებდით?!“, – აღნიშნა  გია  არაბიძემ.

როგორც  ენერგეტიკოსი  აღნიშნავს,  2023 წლის ბოლოს  ამ პროექტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები იქნება და პროექტი ძალიან სწრაფად  ამუშავდება, რადგან  არსებობს პოლიტიკური ნება და მოძიებულია თანხები.

„ამ პროექტის მთავარი არსი  და მნიშვნელობა არის ის, რომ ეს  პროექტი  ითვალისწინებს  განახლებადი  ენერგიის  წყაროებისგან მიღებული ენერგიის  გატარებას ევროპისკენ , რაც  ჩვენ  წისქვილზე  წყლის  დასხმაა.

რაც  შეეხება  დაფინანსებას, პირველი ეტაპზე ეს  არის 2.3 მილიარდი დოლარი, რომელიც მოიძია  ევროკავშირმა. ბუნებრივია,  პროექტზე  მუშაობის  პერიოდში  სხვა  ინვესტიციებიც  იქნება.  ჩემი აზრით  დაახლოებით 3-3,5 მილიარდ დოლარზე  მეტი  არ  უნდა დაჯდეს. მთავარია  ჩვენ სარგებელი მივიღოთ  აქედან. ჩვენ  ტრანზიტზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და ჩვენი  ენერგია  უნდა გავიტანოთ, რადგან  ჩვენ გვაქვს  საშუალება, რომ ქარისგან,  მზისგან და წყლისგან  ენერგია  ვაწარმოოთ“, – აღნიშნა  გია  არაბიძემ.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title