ეკონომიკა „მომავალ წლებში ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ენერგეტიკა გახდება“, – გიორგი ცუცქირიძე

„მომავალ წლებში ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ენერგეტიკა გახდება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ძალიან კარგი შანსი ეძლევა, არა ელექტროენერგიის გამტარი, არამედ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.

„სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023-2027 წლებში, დაახლოებით, 5-6 %- იანი ზრდა გვექნება. ეს კონსერვატორული შეფასებაა. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ფონდის მოხსენების ნაწილში, ფაქტობრივად, შესული არაა ისეთი 2 მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, როგორიცაა შავ ზღვაზე გამავალი კაბელის პროექტი (ეს საშუალო და გრძლევადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ, პროექტი საკმაოდ დიდი ინვესტიციის შემომტანია, დაახლოებით 2, 3 მილიარდ დოლარზეა საუბარი) და „ხუდონჰესის“ პროექტი, რომელიც წლის ბოლოს დაიწყება.

როცა „მწვანე ენერგეტიკის“ რეფორმაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში არა მხოლოდ წყლის ენერგია, არამედ ჰაერის და მზის ენერგიის პოტენციალი უნდა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას გააჩნია.
ჩვენ გვეძლევა ძალიან კარგი შანსი, გავხდეთ არა ელექტროენერგიის გამტარი, არამედ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. აზერბაიჯანის ელექტროენერგია ევროკავშირის ქვეყნებისკენ არა მხოლოდ გავატაროთ, არამედ დამატებითი ენერგია ვაწარმოოთ, რომელსაც ევროკავშირში უპრობლემოდ გავყიდით, ანუ ჩვენ ელექტროენერგიის ჰაბი გავხდეთ. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ამ მიმართულებით ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს. მომავალ წლებში ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ენერგეტიკა გახდება. ენერგეტიკა წამყვანი დარგი გახდება, რომელიც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი იქნება. ჩვენ შეგვეძლება, საშუალო პერიოდში არა 5-6 %-იანი ზრდა გვქონდეს, არამედ უფრო მაღალი – 7,5 – 8, 5 %. ეს მოცემულობა შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ როგორც ეკონომიკა, მინიმუმ გავაორმაგოთ ის, ასევე ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსვალი გავზარდოთ.

რაც შეეხება გამოწვევებს: ფონდის მიერ სამართლიანადაა მინიშნებული, რომ ეს ინფლაციაა, რომელიც კვლავ ორნიშნაა, სამწუხაროდ, მაღალია . თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში შემცირებულია. ზაფხულში წლიური ინფლაცია 13 % და ცოტა მეტი იყო, დღეს უკვე 10 %-მდეა დაწეული. მომავალ წელს იმავე „სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, მიზნობრივ მაჩვენებლზე გავალთ , ესაა 3, 8 % -იანი წლიური ინფლაციის დონე. ესეც ძალიან კარგი იქნება ეკონომიკისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს ფასებზე აისახება“ – განაცხადა ცუცქირიძემ.

მანვე ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა და ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები განმარტა.

„თავდაპირველად „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დავიწყებ, რომლითაც ჩვენ 40 მილიონ აშშ დოლარამდე სასტაბილიზაციო კრედიტი დაგვიმტკიცდა. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მას ჩვენთვის ამ ეტაპზე გარკვეული პრევენციული მნიშვნელობა ექნება. საქართველოს მთავრობა გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლებიდან გამომდინარე, თუ რაღაც გარკვეული საჭიროება არ გახდა, ამ ტრანშის გამოყენებას არ აპირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ფაქტორია: „სავალუტო ფონდის“ მიერ ქართული ეკონომიკის და იმ მიღწეული პროგრესის შეფასება, რომელიც ბოლო 2 წელიწადში გვაქვს. ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმ გლობალური გამოწვევებისა და რეგიონული დაძაბულობისა, რაც დღესაა და რუსეთ-უკრაინის ომთანაა დაკავშირებული, ჩვენ წარმატებულ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ, ამ წელსაც მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. „სავალუტო ფონდი“ ეთანხმება პროგნოზს, რომ წელს საშუალო წლიური 10 %-იანი ზრდა გვექნება, ანუ ორნიშნა ზრდა, როგორც გასულ წელს გვქონდა. ჩემი შეფასებით, ზრდა დაახლოებით 10, 2 % იქნება. ესეც აჩვენებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებულად უნდა შეფასდეს.

ფაქტორები, რომელმაც ეს ზრდა განაპირობა: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საგარეო ვალი, საგარეო მოწყვლადობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, სახელმწიფო ვალი 60 -დან 42 %- მდეა შემცირებული. ეს, ფაქტობრივად, წინაკრიზისული პერიოდის მაჩვენებელია. მეორე ფაქტორი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელიც 12, 5 %-დან 5, 6 %-მდეა შემცირებული. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯების მაჩვენებლი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ეს ყველაფერი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ბიჯეტის შემცირებასთან ერთად ქვეყანამ ნაკლები ვალი აიღოს, ანუ საგარეო მოწყვლადობა შეამციროს.

ამის გარდა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი, რაც სავალუტო ფონდის მოხსენებაში ამ ტრანშის გამოყოფის დროსაა აღნიშნული, რომ ჩვენ მომავალ წლებშიც მთელს რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვექნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საგადასახადო სივრცის გასაფრთოებლად ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს. ორი მნიშვნელოვანი რეფორმაა გამოსაყოფი: ერთია სახელწიფო საწარმოთა რეფორმა, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის და ხარჯებს შეამცირებს. მეორეა ენერგეტიკის სექტორში „მწვანე ენერგეტიკის“ რეფორმა, რომელიც ქვეყანაში ახალი, დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს. ეს ფაქტორები მომავალ წლებში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივასთან პირდაპირ იქნება დაკავშირებული”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

წყარო: kvira.ge

Leave a Reply

Menu Title