შავ ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობის პარალელურად ჩვენ უნდა განვავითაროთ გენერაციის წყაროები

შავ ზღვაში უნდა აშენდეს ენერგოკაბელი და ფიზიკურად მოხდება საქართველოს დაკავშირება უკვე ევროპის ქვეყნებთან — ამის შესახებ სემეკის წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“ განაცხადა.

„შავ ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობის პარალელურად ჩვენ უნდა განვავითაროთ გენერაციის წყაროები. ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ გენერაციის წყარო და მოვიზიდოთ მეზობლები. ევროპამ უკვე დაიწყო ალტერნატიული გზების ძებნა და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა პირველი სადაც მათ თქვეს, რომ ჩადებენ ინვესტიციებს რათა ენერგეტიკული კუთხით დავუდგეთ გვერდში. არაერთმა მნიშვნელოვანმა პირმა თქვა, რომ საქართველოსთან ეს ენერგეტიკული ხიდი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედაც დამაკავშირებელი გზა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა.

ევროპა წლევანდელ ზამთარს მეტ-ნაკლებად მარტივად გაივლის, თუმცა მომავალი წელი მისთვის ძალიან რთული იქნება, ამიტომ სჭირდება მას ანალოგიური წყაროების მოძიება.

საქართველოს ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, აქ საუბარია განახლებად ენერგიებზე. რაც შეეხება პრობლემას რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, ეს არის მოხმარების ზრდა, რაც ცუდი არ არის, რადგან ესაა სიგნალი იმისა, რომ ქვეყანაში იზრდება ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი ვითარდება და ის ცუდი სიგნალი არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის. თუმცა გვაქვს სერიოზული გამოწვევა, დღეის მონაცემებით 2000 მეგავატზე მეტი არის მოხმარება, აქედან 1700-ს მეგავატს ჩვენ ვაწარმოებთ, დანარჩენი ვართ იმპორტდამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია მოხმარებას გადავასწროთ და ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ აქტიურები გენერაციის ნაწილში და გვესაჭიროება მეტი ჰესი.

შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მზის ენერგიის 250 მეგავატის ინტეგრაცია ქსელში, მაშინ როდესაც სულ რაღაც 27-30 მეგავატის გენერაციას აქვს ადგილი. გარდა ამის, ქარის ერთადერთი ელექტროსადგური გვაქვს, რომელიც 20.3 მეგავატს აგენერირებს, ხოლო ახალი სადგური რომელიც დაანონსდა ცოტა ხნის წინ იქნება 20.7 მეგავატის მწარმოებელი.

იმპორტდამოკიდებულები ვართ, თუმცა ჩვენგან ხდება ენერგიის გატანა. საქართველოდან ენერგიის იმპორტზე გატანის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ფასი ძალიან მომხიბლელია, მაგალითად შარშან ამ დროს თურქეთში ღირებულება იყო 6 ცენტი დღეს ეს მონაცემი 22 ცენტია, ნათელია რამდენად დიდი შეიძლება იყოს მომგებიანობის მარჟა. შარშან იმპორტ-ექსპორტის შედეგად ქვეყანას 15 მილიონი დარჩა, წელს 84 მლნ დოლარს გადააჭარბა, ეს არის გამოწვეული იმით რომ ფასი მეზობელ ქვეყანაში გაიზარდა“, — განმარტა მაია მელიქიძემ.

სემეკის წევრმა ბირჟის გახსნის გადავადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბირჟა რეალურად არის გარანტია, რომ ფასები იქნება ობიექტური, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი.

„2023 წლის მარტის ბოლომდე გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის გახსნა. ბირჟა მზად არის, ის აღჭურვილია ყველანაირი ტექნოლოგიური თვალსაზრისით და მიმდინარეობს მისი სატესტო რეჟიმში მუშაობა. ბოლო პერიოდში ძალიან ობიექტური მიზეზების გამო გადაიდო, რადგან ენერგომატარებლებზე ფასები ძალიან გაიზარდა. ბირჟა რეალურად არის გარანტია, რომ ფასები იქნება ობიექტური, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი და ეს კი დიდი ალბათობით იქნებოდა საკმაოდ მაღალი, ამიტომ გადავაზღვიეთ ეს რისკი და გადავდეთ მისი გახსნა“, — აღნიშნა მაია მელიქიძემ.

ბიტკოინის მაინინგზე საუბრისას ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტმა განმარტა, რომ როგორც კი კრიპტოვალუტაზე ფასი იზრდება საქართველოში ელექტროენერგიაზე მოხმარება ავტომატურად, პირდაპირპროპორციულად იზრდება და პირიქით. მისის თქმით, მიზეზი საქართველოში ენერგეტიკაზე არსებული მიმზიდველი ფასია, რის შედეგადაც კრიპტოვალუტის გენერაციის კუთხით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title