რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაზე, კანცლერთან ერთად, გერმანიის ფინანსთა მინისტრიც საუბრობს

გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ეს განცხადება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში 19 იანვარს გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ მთლიანად შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და ენერგიის ახალი წყაროების პოვნა.

“დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ არა რუსეთიდან იმპორტზე, არამედ მსოფლიო ბაზრებზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა ლინდნერმა.

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის ფარგლებში, გერმანიის ხელისუფლებამ განაახლა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობა, გადადო ქვეყანაში დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვა, გაზარდა არარუსული გაზის იმპორტი და შექმნა საწვავის დამატებითი საცავი.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ლინდნერმა ხაზი გაუსვა თხევადი გაზის ტერმინალის რეკორდულ დროში მშენებლობას. “ეს გერმანიის პოლიტიკის უზარმაზარი ცვლილების მხოლოდ ერთი მაგალითია”, – განაცხადა მინისტრმა.

“ჩვენ მივხვდით, რომ კანცლერ მერკელის ეპოქის შემდეგ კონკურენტუნარიანობა უნდა გავზარდოთ. ეს ეპოქა წარსულის ძლიერ მხარეებზე იყო ორიენტირებული და ახლა ჩვენ მომავლის ძლიერ მხარეებს ვავითარებთ.” – თქვა კრისტიან ლინდნერმა.

Leave a Reply

Menu Title