ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელთა რეიტინგი

ელექტრომობილების ბატარეების გლობალური ბაზრის ღირებულება 2019-2028 წწ პერიოდში 17 მილიარდიდან 95 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. სატრანსპორტო სექტორის დეკარბონიზაციის მზარდმა მოთხოვნამ ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელ კომპანიებს მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა.

წარმოგიდგენთ 2022 წლის მსოფლიოს 10 უმსხვილეს ბატარეების მწარმოებელს.

ჩინეთი დომინირებს

აშშ და ევროპა ბატარეების წარმოების გაზრდას ცდილობენ, თუმცა ამ ბაზარზე კვლავ აზიელი მიმწოდებლები დომინირებენ. მსოფლიოს ათივე უმსხვილესი მწარმოებელი აზიის კონტინენტს წარმოადგენს.

ჩინურ კომპანიებს ელექტრომობილების ბატარეების ბაზარზე ამჟამად 56%-იანი წილი უკავიათ. მეორე ადგილზე სამხრეთი კორეაა (26%), მესამეზე კი იაპონია (10%).

ბატერეების უმსხვილესი მიმწოდებელია კომპანია CATL-ი, რომელმაც 2022 წელს თავისი ბაზრის წილი 34 პროცენტამდე გაზარდა. მსოფლიოს ელექტრომობილების ბატარეების ერთ მესამედს სწორედ ეს ჩინური კომპანია აწარმოებს. CATL-ის ლითიუმ-იონის ბატარეებს უამრავი კომპანია იყენებს, მათ შორის Tesla, Peugeot, Hyundai, Honda, BMW, Toyota, Volkswagen-ი და Volvo.

პოზიცია კომპანია ბაზრის წილი (2022) ქვეყანა
1 CATL 34% ჩინეთი
2 LG Energy Solution 14% სამხრეთი კორეა
3 BYD 12% ჩინეთი
4 Panasonic 10% იაპონია
5 SK On 7% სამხრეთი კორეა
6 Samsung SDI 5% სამხრეთი კორეა
7 CALB 4% ჩინეთი
8 Guoxuan 3% ჩინეთი
9 Sunwoda 2% ჩინეთი
10 SVOLT 1% ჩინეთი
სხვა 8% დანარჩენი მსოფლიო

მიუხედავად იმისა, რომ LG Energy Solution-ს აშშ-ში ბატარეების აალების შედეგად მკაცრად აკონტროლებენ, ის რეიტინგში კვლავ ინარჩუნებს მეორე ადგილს. 2021 წელს კორეულ მიმწოდებელს General Motors-ისთვის 1.9 მილიარდი დოლარის ანაზღაურება მოუწია 143,000 გაუმართავი ბატარეის ღირებულების დასაფარად, რომლებიც აალების რისკის გამო ხმარებიდან იქნა ამოღებული.

რეიტინგში მესამე ადგილი BYD-ის უკავია – კომპანიამ ბოლო წელიწადში თავისი ბაზრის წილი თითქმის ორჯერ გაზარდა და Panasonic-ს გაასწრო. BYD, რომელსაც უორენ ბაფეტი უმყარებს ზურგს, მსოფლიოში სიდიდით მესამე ავტომწარმოებელია საბაზრო კაპიტალის მიხედვით, თუმცა ის ასევე აწარმოებს ბატარეებს, რომლებიც იყიდება მთელ მსოფლიოში. გაყიდვების ბოლო მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ BYD უახლოეს თვეებში ან წლებში LG Energy Solution-ს გაასწრებს ბაზრის წილის კუთხით.

ბატარეების ეპოქა

ელექტრომობილები ჩვენი მომავალია, ხოლო შიგაწვისძრავიანი მანქანები ნელ-ნელა გაქრება. General Motors-მა ახლახან გამოაცხადა, რომ კომპანია 2035 წლისთვის შიგაწვისძრავიანი მანქანების გაყიდვის შეწყვეტას გეგმავს, ხოლო „აუდი“ 2033 წლისთვის შეწყვეტს შიგაწვისძრავიანი მოდელების წარმოებას.

ელექტრომობილების გარდა, ენერგეტიკული ტრანზიციის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს ბატარეების ტექნოლოგია წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს მზისა და ქარის ენერგიის გენერირებისთვის საჭირო მეხსიერებას.

ბატარეების მწარმოებლები აქტიურად მუშაობენ, რათა დააკმაყოფილონ ელექტრომობილების ინდუსტრიის მზარდი მოთხოვნა. შესაბამისად, ამ სფეროში ჩვენ უფრო მეტ საინტერესო განვითარებას უნდა ველოდოთ.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title