ხარკოვის მერი და ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობას გადაცემული გენერატორების გამო მადლობას უხდიან

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და ლვოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, მუნიციპალიტეტების სახელით, მადლობას უხდიან საქართველოს მთავრობას ხარკოვისა და ლვოვისთვის გადაცემული გენერატორების გამო. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელისადმი გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, ხარკოვისა და ლვოვის მუნიციპალიტეტები მადლიერი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეხმარება მათ არსებული გამოწვევების დაძლევაში.

“გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებასა და ღრმა პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო, ასევე, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და პირადად თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო ბატონო ელჩო, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულების შესაბამისად, ჰუმანიტარული დახმარების სახით მძლავრი გენერატორების გადმოცემის უზრუნველყოფისა და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობისთვის. საომარი მოქმედებების პირობებში, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქ ხარკოვის მზადყოფნას ზამთრის პერიოდის გამოწვევებთან გამკლავებაში” –
ნათქვამია იგორ ტერეხოვის წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გენერატორები გადანაწილდა ხარკოვის საქალაქო საბჭოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის იმ კომუნალურ დაწესებულებებს შორის, რომლებიც ურთულეს პირობებში უზრუნველყოფენ ქალაქის ფუნქციონირებას, აწვდიან ელექტროენერგიას სამედიცინო დაწესებულებებს, სატუმბ სადგურებს, წყალგაყვანილობისა და წყალმომარაგების ობიექტებსა და ქალაქის საქვაბეებს.

“უკრაინისთვის ასეთ რთულ დროს დასახმარებლად გადადგმული ყოველი ნაბიჯი ფასდაუდებელია და გამარჯვებასთან გვაახლოებს! გულწრფელ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!” – ნათქვამია იგორ ტერეხოვის წერილში.

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქართული მხარის მიერ მოწოდებული გენერატორები არა მხოლოდ გააუმჯობესებს სიტუაციას დაწესებულებათა ელექტროენერგიით უზრუნველყოფის კუთხით, არამედ ხელს შეუწყობს ზამთრის პერიოდის გატარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასაც.

“ჩვენს ღრმა მადლიერებასთან ერთად, გულწრფელად ვუსურვებთ ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას. დაე, ეს წელი იყოს წარმატებული, ნაყოფიერი, აღსავსე პოზიტიური ემოციებითა და ახალი მიღწევებით”, – ნათქვამია მაქსიმ კოზიცკის წერილში.

Leave a Reply

Menu Title