Caspian Energy Georgia–ს თავმჯდომარედ ნათიგ მამედოვი დაინიშნა

აზერბაიჯანული Caspian Energy Georgia–ს თავმჯდომარედ ნათიგ მამედოვი დაინიშნა. ამის შესახებ Caspian Energy Club–ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელმან ალიევმა სამშაბათს განაცხადა.

ალიევის თქმით, ნათიგ მამედოვი Caspian Energy Club–ის ინტერესებს წარმოადგენს და საქართველოს ტერიტორიაზე კლუბის საქმიანობას გაუძღვება.

„ნათიგ ალიევი წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებით უძღვებოდა ბიზნესს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კლუბის მმართველობამ არჩევანი მასზე გააკეთა, ვინაიდან მამედოვს აქტიური ბიზნეს პოზიცია და ფართო კონტაქტები აქვს საქართველოში სახელმწიფო და კერძო სექტორებთან“, – აღნიშნა ტელმან ალიევმა.

ნათიგ მამედოვი იმედს გამოთქვამ, რომ კომპანია არსებული მაღალი რიტმით გააგრძელებს მუშაობას. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნა Caspian Energy Forum Tbilisi-2023–ის მზადების აქტიურ ფაზას დაემთხვა, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება. საერთაშორისო ფორუმის ძირითადი თემები იქნება საქართველოს განვითარების ეკონომიკური მოდელი (ტურიზმი, ლოგისტიკა, აგრარული მრეწველობა, უძრავი ქონება), შუა დერეფნის განვითარება, ციფრული ეკონომიკა, მწვანე ენერგეტიკა და თურქულენოვანი სახელმწიფოების ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლები, ასევე კასპიის, შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონების კომპანიების ტოპ–მენეჯერები.

ნათიგ ალიევი 1985 წელს საქართველოში დაიბადა. სკოლა და უნივერსიტეტი ბაქოში დაამთავრა.

Caspian Energy Club 5 000–ზე მეტ კომპანიას და ორგანიზაციას აერთიანებს 50 ქვეყნიდან. კლუბი 2002 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია ბიზნესი–ხელისუფლების დიალოგის გააქტიურება, საინვესტიციო და საქმიანი გარემოს გაუმჯობესება აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში, ასევე B2G, B2B და B2C ფორმატებში დიალოგის სტიმულირება და მათში აქტიური მონაწილეობა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title