იტალიამ შესაძლოა 2024-25 წლის ზამთარში რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება დაასრულოს. ამის შესახებ ენერგეტიკული გიგანტის Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალზიმ ალჟირში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ვიზიტის დროს განაცხადა.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2024-2025 წლების ზამთარში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებას.“ – განაცხადა დესკალზიმ.
როგორც ირკვევა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იტალიამ რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა ხელშეკრულებები ენერგიის ალტერნატიული წყაროების გაფართოების შესახებ. ამ ფონზე ალჟირმა ჩაანაცვლა რუსეთი, როგორც იტალიისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი.
ცნობილია, რომ გერმანიამ უკვე დაძლია კრიტიკული დამოკიდებულება რუსული ენერგორესურსების იმპორტზე. ამის შესახებ განცხადება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გააკეთა.
წყარო: commersant.ge