ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

საწვავზე ფასები 25-30%-ით შემცირდა და კლების ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდება – ვასილ ხორავა

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში Wissol-ის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ საწვავის ფასებზე, 2023 წლის პროგნოზებსა და დიზელზე ევრო-5-ის სტანდარტის შემოღებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით საწვავზე ფასები 25-30%-ით შემცირდა და კლების ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდება.

„გასული წელს საწვავის არანორმალური ფასები ვნახეთ. ასეთი ნიშნულები ისტორიას არ ახსოვს. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და ამ გაზრდილმა ფასებმა ჩვენს შიდა ბაზარზე პოვა ასახვა. ფასების ზრდა წლის მეორე ნახევრიდან კლებისკენ წავიდა. ამ პროცესს ხელი ლარის გამყარებულმა კურსმა შეუწყო. საწვავზე ფასების შემცირება პიკური ნიშნულიდან 1.20 ლარის ფარგლებში მოხდა, რაც ჩვენ ქსელში, გასულ წელთან შედარებით, ფასების დაახლოებით 25-30 %-იანი კლებაა.

ფასის ცვლილება ბოლო კვირებშიც განვახორციელეთ და მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ზრდის კუთხით მცირედი კორექტირება მოხდა, არსებული მარაგები გვაძლევს საშუალებას, რომ მოკლევადიან ჭრილში ფასები შევამციროთ,“- განაცხადა ვასილ ხორავამ.

მისი თქმით, არსებული ვითარება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ფასები არც უახლოეს  მომავალში გაიზრდება.

„მოკლევადიან ჭრილში მხოლოდ შემცირებისკენ გვაქვს მოლოდინები. გრძელვადიან ჭრილში ადეკვატურები ვიქნებით პლაცის ნიშნულის და ლარის კურსის შესაბამისად,“ – განაცხადა ვასილ ხორავამ

Wissol-ის გენერალურმა დირექტორმა დიზელზე ევრო-5-ის სტანდარტის დანერგვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2021-2022 წლებში ევრო-5-ის სტანდარტის პროდუქტის იმპორტი საქართველოში ისედაც ხდებოდა და ეს ცვლილება იმის პრევენციაა, რომ ხვალ და ზეგ ევრო-4-ის სტანდარტის შემოტანა არ მოხდეს, მაგრამ ეს ცვლილება ფასებზე არ უნდა აისახოს და ბაზარზე დიზელის პროდუქტის ფასი არ უნდა გაიზარდოს.

„ზოგადად ევრო 5-ის სტანდარტი ეკომეგობრულია. მავნე მინარევი – გოგირდი – საწვავში აქამდე 50 მგ იყო კილოგრამზე, დღეს უკვე ეს ნიშნული 10 მგ-ია კილოგრამზე, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title