„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში სს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2023 წლის აპრილში დასრულდება. როგორც ფონდის დირექტორმა, ჯაბა ხმალაძემ აღნიშნა: „პროექტის განხორციელების შემდეგ, ქვეყანას ექნება ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ავტომატურ რეჟიმში მოვახდინოთ ენგურის აუზის მდინარეებზე დღეს არსებული და სამომავლო წყლის შემოდინების, ნალექებისა და სხვა მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება და ანალიზი. პროგრამის ფარგლებში მოხდება ამ მონაცემების კონსოლიდაცია ერთ სივრცეში და თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საჭირო სტატისტიკური ბაზის შექმნა“.
პროექტის მიზანია, ისეთი პლატფორმის შექმნა მდინარე ენგურის აუზში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ თანამშრომლობა მდინარე ენგურის აუზის ძირითად ორგანიზაციებს შორის, ასევე დავნერგოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროლოგიურ მონაცემებზე ინფორმაციის გაცვლის საშუალებით.
პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ჰიდროლოგიურ მოდელს დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც ზოგადად ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისათვის, ასევე ენგურის აუზში არსებული ჰიდროსადგურების გამომუშავების დაგეგმვისათვის, წლის სხვადასხვა პერიოდის გენერაციის პროგნოზისათვის, ენგურჰესისა და მომავალში მდინარე ენგურის ბასეინის სხვა საპროექტო წყალსაცავებში ხელმისაწვდომი მარაგების მონიტორინგისათვის.
პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ.
სამუშაო შეხვედრას ესწრებიან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „ენგურჰესის“, ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ენგურის აუზში ოპერირებაში მყოფი ჰესების წარმომადგენლები.