ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით. ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, 4 ქვეყანაა ამ თემაში ჩართული – საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი. ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ეს და სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ. ესაა ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ბატონ კანცლერთან. დღეს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს ბატონ კანცლერს საქართველოში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ვიზიტისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი დღეს ეწვია. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს ელჩი ავსტრიაში და ავსტრიის ელჩი საქართველოში დახვდნენ.