რას წარმოადგენს ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმა“?

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირისთვის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმა“ წარადგინა, რომელიც ბლოკს დაეხმარება, მწვანე ტექნოლოგიების რბოლაში თავისი ადგილი შეინარჩუნოს და კონკურენცია გაუწიოს ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოცულობით სუბსიდიებს.

ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმის“ ფარგლებში, სუფთა ტექნოლოგიების კომპანიებს გამარტივებული წესებითა და სწრაფი ნებართვებით შეეძლებათ ევროპაში საწარმოო ობიექტების აშენება. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, შემუშავდება “Net-Zero Industry Act”-ი, რომელიც  მნიშვნელოვან კომპანიებს ევროკავშირის კლიმატური მიზნების განსახორციელებლად უფასო ნებართვებს შესთავაზებს.

ევროკავშირისთვის საინტერესო შეთავაზებები შესაძლოა მოიცავდეს ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის ტექნოლოგიებს, განახლებადი ენერგიის, მათ შორის განახლებადი წყალბადის საწარმოო ობიექტებისა და ბატარეების განვითარებას. ცნობისთვის, ბრიუსელმა განახლებადი ენერგიის პროექტების დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურები გასულ წელსაც გაამარტივა, პარალელურად კი ნებართვის მისაღებად საჭირო ვადებიც შეამცირა.

ევროკომისიის შეთავაზებით, 2025 წლის ბოლომდე სახელმწიფო დახმარებების წესების შემსუბუქება ბლოკის 27 ქვეყანას განახლებად ენერგიასა და დეკარბონიზაციის ინდუსტრიაში ინვესტიციების გაზრდაში დაეხმარება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ შეუძლია ისეთივე მოცულობის სუბსიდიების შეთავაზება, როგორიც საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ, ევროკავშირის გეგმა ქვეყნებს ბლოკის არსებული ფონდების გამოყენების საშუალებასაც აძლევს.

ძირითადი საერთო ფონდი 225 მილიარდი ევროს ($245 მილიარდი) სესხებსა და 20 მილიარდი ევროს გრანტებს მოიცავს, რომლებიც ევროკავშირის 800 მილიარდი ევროს პოსტპანდემიური აღდგენის ფონდიდანაა დარჩენილი. გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარებად ტექნოლოგიებში ინვესტიციებისთვის, კომისია „ევროპის სუვერენიტეტის ფონდის“ შეთავაზებასაც განიხილავს.

საინტერესოა, რომ 2019 წელს ევროკავშირში დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი მუშაობდა მწვანე ინდუსტრიაში, 2000 წელს კი მათი რაოდენობა 3.2 მილიონი იყო. თუმცა 2025 წლისთვის ევროკავშირს მხოლოდ ბატარეის სექტორის მიმართულებით დამატებით 800,000 თანამშრომელი დასჭირდება.

ევროკავშირმა თოთხმეტი ინდუსტრიისთვის, მათ შორის საავტომობილო და აგროსასურსათო სექტორებისთვის, პარტნიორობა შექმნა, რომელიც სამუშაო ძალისთვის კვალიფიკაციისა და განათლების გაძლიერებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ევროკავშირის ფონდები ხელმისაწვდომია სტაჟირებისა და პროფესიული სწავლებებისთვის.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მტკიცებით, ვაჭრობის ღიაობა უმთავრესი ფაქტორია, თუ ევროკავშირს წმინდა ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიების მიმართულებით ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სურს. ეს გულისხმობს როგორც ნედლ მასალაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ასევე ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ კომისიას, რომელიც ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკას ზედამხედველობს, ბლოკის სავაჭრო შეთანხმების ქსელის გაზრდა სურს. ქსელის გაზრდა გულისხმობს ჩილესთან, მექსიკასთან, ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საერთო ბაზართან (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი) და ავსტრალიასთან შეთანხმებების გაფორმებას.

გარდა ამისა, კომისია ნედლი მასალებისა და სუფთა ტექნოლოგიების საკითხზე თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები, ალიანსების შექმნასაც შეეცდება. პარალელურად კი ევროკომისიას უცხოურ სუბსიდიებზე ევროკავშირის ახალი კანონის გამოყენებაც სურს, რაც მას პარტნიორებთან ერთად არასაბაზრო ეკონომიკის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის გამოვლენასა და გადაჭრაში დაეხმარება.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title