თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ჯეიჰანის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტს უამინდობაც აფერხებს, ვინაიდან ამ პირობებში შეუძლებელია ტერმინალის წყალქვეშა მონაკვეთის მდგომარეობის შემოწმება.
ინფორმირებული წყაროები ანონიმურობის პირობით აცხადებენ, რომ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ტერმინალის გაშვება შეიძლება დაგეგმილზე ბევრად დიდი ხნით გადაიდოს. თუმცა, მათი თქმით, ნავთობსადენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და აზერბაიჯანული ნავთობი ჯეიჰანის პორტის რეზერვუარებში იტვირთება.
აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az წერს, რომ ბაქოსთან მდებარე სანგაჩალის ტერმინალის საცავებში საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ მოპოვება შეუფერხებლად გაგრძელდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტერმინალის ტევადობა მხოლოდ 2 დღე ეყოფა საბადოდან მოპოვებულ ნავთობს. ამიტომ, თუ პორტის ტერმინალიდან ტანკერებზე გადატვირთვა არ განახლდება, ნავთობმოპოვების მოცულობის შემცირების საკითხს განიხილავენ.
აზერბაიჯანული ნავთობის კიდევ ერთი საექსპორტო მიმართულებაა ბაქო–სუფსის მილსადენი, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ეს ხაზი არ მუშაობს.
წყარო: gbc.ge