კლიმატის ცვლილების გამო, მილიონობით ადამიანი კატასტროფული წყალდიდობების საფრთხის წინაშეა — ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მყინვარების დნობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს წყალდიდობის რისკის წინაშე აყენებს.

ძირითადად ოთხ ქვეყანაში — ინდოეთში, პაკისტანში, პერუსა და ჩინეთში, სადაც მრავლად არის მყინვარული წარმოშობის ტბები და მოსახლეობა ფრიად მოწყვლადია კლიმატური კატასტროფებისადმი.

მყინვარები „ყინულის მდინარეებია“, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდება დაპრესილი თოვლისგან. ნელ-ნელა ისინი დაბლა, ხეობებში მიცოცავენ და ზოგჯერ იმხელებიც ხდებიან, რომ წარმოქმნიან ყინულის ფენებს, რომლებიც ზღვაშიც კი შედის.

თუმცა, ტემპერატურის მატების გამო, მყინვარები იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ და საუკუნის მიწურულისთვის, მსოფლიოს 215 000 მყინვარიდან ნახევარიღა დარჩება.

ამის გავლენა შეიძლება ბევრად უფრო ადრე გახდეს საგრძნობი. ზუსტად ისე, როგორც ქვემოდან ამოწეული ზღვის თბილი წყალი ქვეშიდან ადნობს ყინულის ფენებს, მყინვარებიდან გამოჟონილი ნადნობი წყალიც აჩქარებს ყინულების დნობას.

მყინვართა უკანდახევის შედეგად წარმოქმნილ გეოლოგიურ დეპრესიებში, სადაც ნადნობი წყალი გროვდება, ჩნდება ღრმა ტბები და სწრაფი მდინარეები, რომლებიც ყინულის დნობას ასევე აჩქარებენ.

ახალი კვლევა ნიუკასლის უნივერსიტეტის ბუნებრივ კატასტროფათა მკვლევარმა კაროლინ ტეილორმა ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით, დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მყინვარული ტბების დაბლა რეგიონებში და არსებობს ამ ტბების კოლაფსის რისკები.

დეტალური, საველე კვლევების გარეშე რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის გაივსება და გადმოვა მყინვარული ტბა.

გარდა ამისა, მყინვარული ტბების გადმოსვლით გამოწვეული წყალდიდობები (GLOF) ხშირად მოულოდნელად, რაიმე წინასწარი ნიშნების გარეშე ხდება და მრავალი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, გზადაგზა აზიანებს ინფრასტრუქტურას. ნგრევა შეიძლება 120 კილომეტრზეც კი გავრცელდეს.

ამიტომ, ტეილორმა და მისმა კოლეგებმა ის რისკი შეაფასეს, რასაც მყინვარული ტბები გლობალურად ფლობენ მათ ქვემოთ რეგიონებში მცხოვრებთათვის.

მკვლევრებმა მყინვარული ტბების გარემო პირობებისა და მათ ქვემოთ არსებული რეგიონების საზოგადოებების შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს; გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, გაზრდილია ასეთი ტბების ზომა, რაოდენობა და მოცულობა.

რისკის გამოთვლა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს საზოგადოებების სიახლოვე პოტენციურად გადმომსვლელ ტბებთან და რა იყო იმის ალბათობა, რომ ამ ტბების გადმოსვლა მოსახლეობაზე გავლენას მოახდენს. მხედველობაში მიიღეს პოლიტიკური კორუფციაც, რაც აღდგენის ძალისხმევას აფერხებს.

მკვლევართა განცხადებით, ეს გახლავთ პირველი გლობალური კვლევა, რომელმაც „მხედველობაში მიიღო არა მხოლოდ ტბის ფიზიკური გარემო პირობები, არამედ საზოგადოების ზემოქმედების ქვეშ მოქცევა და მოწყვლადობაც, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მყინვარული ტბების გადმოსვლით გამოწვეული წყალდიდობების საფრთხეზე.

ანალიზებმა აჩვენა, რომ მაღალი საფრთხის მქონე ზონები სულაც არ გახლავთ ისინი, რომლებიც შეიძლება თქვენ წარმოგედგინოთ, სადაც ყველაზე მეტი, დიდი და სწრაფად მზარდი მყინვარული ტბაა. ამის ნაცვლად, მთავარ რისკს წარმოადგენს რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა და კატასტროფებთან მათი გამკლავების უნარი.

ყველაზე დაუცველი აღმოჩნდა აზიის მაღალმთიან რეგიონებში, მყინვარული ტბების მახლობელი მოსახლეობა. გლობალურად ყველაზე მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებად დასახელდა პაკისტანი და ჩინეთი.

პაკისტანში გადმოსვლის საფრთხის მქონე მყინვარული ტბების სიახლოვეს 2,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ჩინეთში. თუმცა, ჩინეთის მყინვარული ტბები უფრო ბევრი და დიდებია, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა შეიძლება უფრო მეტად დააზიანონ.

ბოლო პერიოდში, მყინვარული ტბების გადმოსვლის პოტენციური საფრთხეების შესასწავლად, კვლევების „ცხელი წერტილი“ ჰიმალაი გახდა. თუმცა, მკვლევრებმა ასევე წარმოაჩინეს ანდების მთები სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ პერუში, რომელმაც საფრთხის მხრივ მესამე ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

ანდებში მხოლოდ რამდენიმე ასეთი კვლევაა ჩატარებული; ამ დროს კი, გასული ოცი წლის განმავლობაში, ამ რეგიონში მყინვარული ტბების რაოდენობა 93 პროცენტით გაიზარდა (აზიაში ეს მაჩვენებელი 37 პროცენტია). პრობლემას აქაც წარმოადგენს ღრმად გამჯდარი კორუფცია.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთი მიმოიხილეს, ამბობენ, რომ მათი მეთოდების გამოყენება შესაძლებელია მყინვარული ტბების გადმოსვლის საფრთხეების მონიტორინგისთვის.

#1tvმეცნიერება

Leave a Reply

Menu Title