Shell-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი პერსონალური „კლიმატური“ სარჩელი წარადგინეს

ბრიტანული ნავთობგიგანტ Shell-ის დირექტორთა საბჭოს კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული რისკების არასათანადო მართვის გამო პირადად უჩივიან. სარჩელის თანახმად, კომპანიის თერთმეტმა დირექტორმა დაარღვია კანონიერი მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია „გაერთიანებული სამეფოს კომპანიების აქტის“ მიერ, რადგან კომპანიის კლიმატური სტრატეგია პარიზის შეთანხმებას არ შეესაბამება.

სარჩელი გარემოსდაცვითი იურიდიული საქველმოქმედო ორგანიზაცია ClientEarth-ს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სარჩელი პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, რომელიც ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესის მოუმზადებლობისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ კორპორაციულ დირექტორებს აკისრებს. „დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა არათუ გარდაუვალია, ის უკვე მიმდინარეობს კიდეც“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ClientEarth-ის წამყვანი იურისტის პოლ ბენსონის მტკიცებით, Shell-ი ჯიუტად განაგრძობს თავის გარდამავალ სტრატეგიას, რომელიც „ძირითადად ხარვეზებითაა სავსე“. მისივე განცხადებით, ეს სტრატეგია სამომავლოდ კომპანიის წარმატებას შეუქმნის საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ რისკების მართვა საბჭოს კანონიერ მოვალეობაში შედის.

ClientEarth-მა მსოფლიოში პირველი მსგავსი ტიპის კლიმატის სარჩელი ინგლისისა და უელსის უმაღლეს სასამართლოში, აქციონერის სტატუსით წარადგინა. აღსანიშნავია, რომ სარჩელმა ინსტიტუციური ინვესტორებისა და საპენსიო ფონდის მხარდაჭერაც მოიპოვა, რომლებიც Shell-ის შვიდი მილიარდი აქციიდან კოლექტიურად 12 მილიონ აქციას ფლობენ. ინვესტორებს შორისაა ისეთი საპენსიო ფონდები, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს Nest-ი და London CIV-ი, მათთან ერთად კი შვედეთის ეროვნული საპენსიო ფონდი AP3.

ClientEarth-მა კომპანიის დირექტორთა საბჭო შესაძლო სარჩელის შესახებ ჯერ კიდევ შარშან, მათთვის მიწერილი წერილით გააფრთხილა. ორგანიზაციის განცხადებით, სარჩელი Shell-ის ინტერესებს იცავს, რადგან „ეკონომიკის წიაღისეული საწვავიდან ჩამოშორება გარდაუვალია“.

მოსარჩელეთა განცხადებით, სარჩელი ინვესტორთა ინტერესებშიც შედის. „ინვესტორებს სურთ ქმედებები, რომლებიც კლიმატის ცვლილებების რისკებს შეესაბამება და დაუპირისპირდებიან მათ, ვინც საკმარისს არ გააკეთებს თავისი ბიზნესის გარდაქმნისთვის“, – აღნიშნა Nest-ის წამყვანმა საინვესტიციო ოფიცერმა მარკ ფოსეტმა და იმედი გამოთქვა, რომ არსებულ მდგომარეობას სრულად ენერგეტიკული ინდუსტრია გაითვალისწინებს.

ბრიტანული ენერგოგიგანტის განცხადებით, მისი „ენერგეტიკული ტრანზიციის გეგმა“, მათ შორის 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიზანი, შეესაბამება პარიზის შეთანხმებას ტემპერატურული მატების 1.5°C-ზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით. 2030 წლისთვის ემისიების განახევრების გეგმით კი, Shell-ის განცხადებით, „ინდუსტრიის ლიდერია“.

მიუხედავად ამისა, ClientEarth-ის მტკიცებით, დამოუკიდებელი შემფასებლების მიერ დადგინდა, რომ Shell-ის კლიმატის სტრატეგია კომპანიის მთლიანი ემისიების 10%-ზე ნაკლებს მოიცავ, ამასთან ერთად კი შეუსაბამობაშია პარიზის შეთანხმებასთან. ორგანიზაცია სასამართლოსგან მოითხოვს, Shell-ს სტრატეგიის შემუშავება დაევალოს, რომელიც რისკებს სათანადოდ შეაფასებს და შეესაბამება ნიდერლანდების სასამართლოების 2021 წლის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ემისიების 45%-ით შემცირებასთან დაკავშირებით.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title