წყალბადის ველების როლი მომავლის ენერგეტიკაში და საქართველოს პერსპექტივები

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო ენერგეტიკაზე, აიძულა ქვეყნები კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს.

წყალბადს გააჩნია 2,5-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ბუნებრივ აირსა და ბენზინს, თუმცა, მისი ძალიან მცირე წონა ნიშნავს, რომ ატმოსფერულ პირობებში, აირად მდგომარეობაში მას გააჩნია გაცილებით ნაკლები სიმკვრივე.

მას აქვს მრავალი ღირებული თვისება, რომელთაგან ორი მას უნიკალურს ხდის კლიმატის ცვლილების ეპოქაში:

  1. შესაძლებელია მისი შენახვა და სუფთა საწვავის სახით გამოყენება, სათბურის აირებისა და ჰაერის სხვა დამაბინძურებლების პირდაპირი ემისიის გარეშე;
  2. მისი წარმოება და მიწოდება შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა გზების ფართო სპექტრით, – აღნიშნავენ GS ექსპერტები.

ამჟამად, დაახლოებით 70 მილიონი ტონა წყალბადის წარმოება ხდება, მაგრამ მხოლოდ 2%-ზე ნაკლები მიიღება ეკოლოგიურად სუფთა გზით – წყლის ელექტროლიზით, როდესაც წყალი იშლება მასში შემავალ კომპონენტებად – წყალბადად და ჟანგბადად. თუ ელექტროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მიიღება, ეს არის “მწვანე” წყალბადი, რაც ყველა ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქვეყნის საბოლოო მიზანია. ამასთან, როგორც ყოველთვის, აღნიშნული არის ყველაზე ძვირადღირებული მეთოდი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ენერგიის მისაღებად წყალბადი არ იწარმოება, არ არსებობს წყალბადგასამართი სადგური და შესაბამისად წყალბადზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობაც 0-ს უდრის. თუმცა, ქვეყანა 2020 წლის სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელმოწერით მწვანე წყალბადის წარმოების პროცესს მაინც შეუერთდა.

გარდა ამისა, გასულ წელს, გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი, 1,3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ტექნიკური დახმარებისათვის, რომელსაც განახორციელებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოში მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის დანერგვის მხარდასაჭერად და სამაგალითო პროექტის, როგორც ამ სფეროში პირველი ინვესტიციის მოსამზადებლად.

იმის გასარკვევად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წყალაბადის ენერგეტიკის განვითარება მსოფლიოსთვის, რა არის საჭირო ამისთვის, როგორის სახის ტექნოლოგიური სიახლეები და მიღწევებია აღნიშნული მიართულებით, ასევე, საქართველოს როლსა და პერსპექტივებზე “ენერგონიუსი“  „სტრატეგიული ინციატივების სააგენტოსა“ და  „კლასტერების ეროვნული პლატფორმის“ გენერალურ დირექტორს ნოდარ ძიძკაშვილს ესაუბრა:

ნოდარ ძიძკაშვილი

თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი წყალბადის ენერგეტიკისა და ზოგადად, წყალბადის წარმოება საქართველოში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის?

ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ენერგიების განახლებადი წყაროების განვითარებაზე საქართველოში,  თმცა საუბარი ხშირად მხოლოდ წყალზე, ქარზე და მზეზეა, რაც ძალიან კარგია, თუმცა არ ახსენებენ წყალბადს, ეს კი უკვე არასწორია, რადგან, ჩემი აზრით, ხსენებული სამივე რესუსი სწორედ წყალაბდის ენერგეტიკის განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან მომავლი სწორედ აქაა, ყველაფერი აქეთკენ მიდის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ნახშირწყალაბადების წყალბადით ჩანაცვლება და მისი ტრანსპორტირებისთვის სწორედ გაზისა და ნავთობსადენი მილების გამოყენება, ჩვენს ქვეყნის ტერიტორიაზე კი მოგეხსენაბათ გადის ერთ-ერთი ასეთი მილსადენი. თუმცა, მე მომისმენია აქაური მეცნიერებისგან, რომ წყალაბადი „შედის“ მეტალში, არღვევს მის სტრუქტურას და შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება და გაჟონვა, რაც საკმაოდ სახიფათოა ისეთი ფეთქებადსაშიში ნივთიერების შემთხვევაში, როგორიც წყალბადია. იყო წყალბადის შესანახი ავზის გასკდომის შემთხვევები, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა თანხებს ხარჯავს ევროკავშირი და ზოგადად ევროპა მილსადენების წყალბადის ტრანსპორტირებაზე მორგებისთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრაზეც აქტიურად მიდის მუშაობა.

რაც შეეხება მეორე უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორც ვიცით, წყალბადის მიღების რადენიმე ხერხი არსებობს, ერთ-ერთი მათგანია ნახშირწყალბადებიდან (ნავთობი, გაზი) წარმოება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლასტმასი ასევე მიიღება ნახშირწყალბადებიდან, შესაძლებელია პლასტმასის ნარჩენებისგან წყალბადის წარმოებაც, რაც ერთდროულად შესაძლებელს ხდის ნარჩენების მდგრად მართვას, ეკოლოგიური დაბინძურების აცილებასა და ენერგიის წყაროს მიღებასაც. ცნობილია, რომ 25 ტონა პლასტმასიდან 1 ტონა წყალბადი მიიღება. აქამდე იყო ტენდენცია, რომ პლასტმასი ისევ ნავთობად ექციათ, თუმცა ენერგეტიკული ტრანზიციის პერიოდში, როდესაც კლიმატის ცვლილების შერბილებას ამხელა მნიშვნელობა ენიჭება, აქცენტი სწორედ ენერგიის სუფთა წყაროებზე კეთდება.

სწორედ აქ ჩნდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც ეხება შავ ზღვას და მისი დაბინძურების პრობლემას. დაახლოებით 150 – 200 მეტრის სიღმის იქით შავ ზღვაში არის დაგროვილი ძალიან დიდი ოდენობით გოგირდწყალბადი, რომლის გამოც არ არის არანაირი სიცოცხლე წყალმცენარის ან თევზის სახით, ანუ, 200 მეტრის ქვემოთ შავ ზღვაში ცოცხალი ორგანიზმები არ არის, რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ ხსნებულ ზონაში ზღვა არის მკვდარი. თუმცა, არსებობს ხსენებული გოგირდწყალბადის ამოღების, მისი წყალბადისგან განცალკევების და ამ გზით ცალკე გოგირდის, რომელიც, თავის მხრივ მნიშვნელოვანი და ფართოდ გამოყენებული ელემენტია სოფლის მეურნეობაში თუ მრეწველობის სხვა დარგებში და ცალკე წყალბადის მიღების შესაძლებლობა.  ანუ, აღნიშნულიდან შესაძლებელია სამმაგი სიკეთის მიღება: გარემოს გასუფთავება, გორდის და წყალბადის მიღება, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. აქ მნიშვნელოვანია ასევე გავითვალისწინოთ მარაგების მასშტაბიც, ბევრ ნავთობით მდიდარ ქვეყანას ენერგორესურსის ამხელა მარაგზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია, თანაც ეს რესურსი არ არის წიაღისეული საწვავი, არამედ ის რესურსი, რომელზე გადასვლასაც ყველა განვითარებული სახელმწიფო ცდილობს. ყველაზე ნათელი მაგალითი ამის, ალბათ არის ნავთობითა და გაზით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა, საუდის არაბეთი, რომელმაც უკვე აქტიურად დაიტყო წყალბადის წარმოება.

 

აღნიშნული წყალბადი რომელ წყალბადს მიეკუთვნება და მისი მიღების ტექნოლოგია როგორი იქნება, რომ აგვიხნათ?

ეს იქნება მწვანე წყალბადი, რომელის მიებაც მოხდება მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებით. განსაკუთრებულად კი ქარის, რადგან აღნიშნული რეგიონი მნიშვნელოვანი ქარის რესურსებით გამოირჩევა. არსებობს გადამამუშავებელი ქარხნები, რომელიც ზღვიდან ამოტუმბავს გოგირდწყალბადს, აცალკევებს გოგირდსა და წყალბადს. აქ სხვადასხვა ვარიანტებია შესაძლებელი, მაგალითად, მისი ტრანსპორტირება პირდაპირ მილებით.

ჩვენი მეზობლებიდან, თურქეთი უკვე ძალიან წინაა წასული ხსენებულ ტექნოლოგიაში, იგივე შეიძლება ითქვას უკრაინელებზეც, მიუხედავად იქ მიმდინარე საომარი მოქმედებებისა. თუმცა, შავი ზღვის რეგიონში რუმინეთ იარის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შექმნილი აქვს წყალაბადის ველი. აღნიშნულის შესაქმნელად აუცილებელია ქვეყანას გააჩნდეს სტრატეგია. განსაკუთრებულად კარგი წყალბადის სტრატეგია გააჩნია ისეთ ქვეყნებს, როგორიცა, მაგალითად კანადა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, თავისი საგზაო რუქებით.

რას გულისხმობთ საგზაო რუკებში?

ეს არის სტრატეგიის ვიზუალიზაცია შესაბამისი ნახაზებით, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს მისი (სტრატეგიის) მოკლე მონახაზის სწრაფად გაცნობა. აღნიშულს ჩვენგანაც აუცილებლად მოითხოვენ, ამიტომ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა პირველი სწორედ მის შექმნაზე უნდა იზრუნონ.

მოდით ახლა განვიხილოთ თუ რისთვისაა საჭირო წყალბადის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია თავისი გეგმებითურთ, რადგანაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, წყალბადის ველის შესაქმნელად აღნიშნული აუცილებელია. სხვათა შორის, ზუსტად იგივე პრინციპით მოდის დირექტივები, როგორც არის ასოცირების ხელშეკრულების შემთხვევაში. მათი ნახვა შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. შესაბამისად, ზუსტად იგივე სახით უნდა მოხდეს თვითეული პუნქტის დაკმაყოფილება და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ თანხმობას გაწევრიანებაზე აღნიშნუნლ პლატფორმაში.

 

და რა პლიუსი აქვს ხსენებულ პლატფორმას?

პლატფორმაზე გაწევრიანების შემთხვევაში ავტომატურად გიკავშირდებიან ინვესტორები, საფინანსო ორგანიზაციები, მეცნიერები, კოლეგები, ანუ ყველა, ვისთვისაც შეიძლება საინტერსო აღმოჩნდეს თქვენი პროექტი, მაგალითად, საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ ინფრასტრუქტურას წყალბადის ენერგეტიკისთვის. ანუ, აღნიშნული აადვილებს დაინტერესებული მხარეეების ერთმანეთთან დაკავშირებას.

 

სახელმწიფოს მხრიდან რა ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო? ფინანსური ინვესტიციები? შესაბამისი კანონის მიღება?

შესაბამისი კანონმებლობის შემუშავება, რა თქმა უნდა, აუცილებელია. სხვათა შორის, გარკვეულ სწორ და კარგ ნაბიჯებს ჩვენი მთავრობა დგამს ხსენებული მიმართულებით. ახლა საჭიროა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, ოღონდ აუცილებლად გრძელვადიანი ხედვით. ხოლო, როდესაც უკვე შეიმუშავებს ხსენებულ სტრატეგიას, მთავრობა უნდა ეცადოს გაწევრიანდეს წყალბადის ველში, ან სულაც თავად შექმნას პირველი ქართული წყალბადის ველი, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, მაქსიმალურად გაადვილებს ინვესტორების მოძიებასა და მათ დაკავშირებას მომწოდებლებთან თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

თქვენ თვითონ შეადარეთ, რომელი უკეთესია, პლატფორმა რომელიც თავად დააკავშირებს ერთმანეთთან მარტივად და სწრაფად ყველა მხარეს, თუ კლასიკური ვარიანტი, როდესაც ოფიციალური დელეგაცია უნდა წავიდეს რომელიმე ქვეყანაში, მაგლითად გერმანიაში და ასე ეცადოს კავშირების დამყარებას. არაა საჭირო ველოსიპედის გამოგონება, უკვე გამოგონებულია შესანიშნავი პლატფომა და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ის მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ.

 

გასაგებია, რომ წიაღისეული რესურსები ამოწურვადია და მსოფლიო აქტიურად ეძებს მის შემცვლელს, თანაც ეკოლოგიურად სუფთა შემცვლელს, რათა კლიმატის მიზნებიც დააკმაყოფილოს ენერგომოხმარების მოთხოვნასთან ერთად. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ წყალბადის ენერგეტიკა საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვს და ეკონომიურად არცთუ მომგებიანი (პირველ ხანებში მაინც) შეიძლება იყოს, რაც ჩვენისთანა პატარა და ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს. მაშინ რატომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი წყალაბადის ენერგეტიკის განვითარება საქართველოსთვის?

იცით, როდესაც საბჭოთა კავშირი იქმნებოდა პირველი რაც გააკეთეს იყო ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშვება, რადგან ენერგეტიკა არის ყველაფრის საფუძველი სხვა დანარჩენი არის მასზე „ზედ ნაშენი“. შესაბამისად, თუ არ გაქვს ბაზისი, ვერ ააშენებ ვერაფერს. საქართველოშიც კი, გაიხსენეთ, პირველი რაც შენდა იყო „ზაჰესის“ ჰიდროელექტროსადგური, ანუ აქაც ენერგეტიკული პროექტით დაიწყეს საქმიანობა. ბუნებრივიცაა, თუ არ გაქვს ენერგეტიკა, არ გექნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგები. აუცილებლად მძიმე მრეწველობას არ ვგულისხმობ. ელემენტარულად, ელექტროენერგია და გათბობა თუ არ გექნება, ტურისტიც კი არ ჩამოვა შენს ქვეყანაში.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაზისთან ერთად ეს არის ასევე საქონელი, თანაც მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელი. აქვე გავიხსენოთ, ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული საქსპორტო საქონელი. ზოგისთვის ეს არის წიაღისეული რესურსები და ნახშირწყალბადები (საუდის არაბეთი, ქუვეითი, აზერბაიჯანი), ზოგისთვის ინოვაციური ტექნოლოგიები, მაგალითად სამხრეთ კორეა ან იაპონია, რომლებიც წიაღისეული რესურსებით არ არიან მდიდრები, ზოგს მომსახურება (მაგ: შვეიცარიის საბანკო მომსახურება). ჩვენთვის,  შესაძლოა, რომ სწორედ წყალბადი გახდეს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელი, რადგან მომავალში, როგორც უკვე ვახსენეთ, სწორედ წყალბადი იქნება ეკონომიკის ხერხემალი, მთელი მსოფლიო ნელ-ნელა გადავა წიაღისეული საწვავიდან სუფთა, მათ შორის, წყალაბდის საწვავზე. მაგალითად, გერმანიაში უკვე დაიწყეს თვითმფრინავებისა და მატარებლების ეტაპობრივად წყალბადის საწვავზე გადაყვანა. შემდეგი ნაბიჯი სატვირთო მანქანების გადასვლა იქნება, ბოლო ეტაპი კი – მსუბუქი ავტომობილების, რადგან საბოლოო მიზანი ტრანსპორტის ყველა საშუალების წყალბადის საწვავზე გადასვლაა. სხვათა შორის, პირველი წყალბადზე მომუშვე სერიული მანქანები უკვე ჩაუშვა გაყიდვაში იაპონიამ.

ახლა, სად არის აქ საქართველოსთვის სარგებელი:

  1. ჩვენი ქვეყანა, როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა, არის წყლის რესურსების ქვეყანა, რომელიც ზაფხულობით გვაქვს ჭარბი, ხოლო ზამთარში – შედარებით მცირე ოდენობით, რის გამოც, ზოგჯერ გვაქვს საკმარისზე მეტი ელექტროენერგია, ზოგჯერ კი გვიწევს მისი შეძენა მეზობელი ქვეყნებიდან, ან თბოელექტროსადგურების ამუშვება იმპორტირებული წიაღისეული საწვავით. წყალაბდის ენერგეტიკას შეუძლია აღნიშნული პრობლემის მოგვარება. შესაძლებელია ზაფხულობით მიღებული ჭარბი ელექტროენერგიის წყალბადად გარდაქმნა და შენახვა. ზამთარში კი მისი ისევ ელექტროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება. ან სულაც, შენახული წყალბადის გამოყენება საწვავად თბოსადგურებისთვის, იპორტირებული გაზისა და ნავთობის ნაცვლად. ანუ, წყალბადი იქნება კარგი საშუალება დისბალანსის აღმოსაფხვრელად;
  2. წყალბადის გამოყენება შესაძლებელია პლასტმასის საწარმოებლადაც;
  3. ზღვის წყლის გამოყენებაზე ზემოთ უკვე ვისაუბრე;
  4. ალბათ ყოფილხართ ჭიათურაში და იცით რომ იქ არის „მთები“ გადამუშავებული მარგანეცის, რომელიც ფაქტიურად არაფერში არ გამოიყენება, მათ ტერაკონები ეწოდებათ. მათში „ჩატოვებულია“ 15%-მდე მარგანეცი, რომელის გადამუშავებითაც შესაძლებელია წყალბადის მიღება.

ჩამოთვლილი მაგალითების საფუძველზე უკვე შეგიძლიათ დაასკვნათ, თუ რატომ გვჭირდება სისტემური მიდგომა, ერთიანი სტრატეგიის შემუშვება და სამოქმედო გეგმის დეტალურად გაწერა. ჩემის მიერ ხსენებულ პლატფორმაში გაწევრიანება ამიტომაც არის კარგი, რომ მათ მიერ შემოთავაზებული კითხვარი ნათლად გაჩვენებს რამდენად არის ქვეყანა მზად წყალბადის ენერგეტიკის განსავითარებლად. სხვაგვარად არცერთი ინვესტორი არ ჩადებს საკუთარ ფულს რომელიმე პროექტში.

 

ქართველი მკვლევარები ან მეცნიერები თუ არიან აღნიშნული საკითხით დაინტერესებულნი?

კი, მე ხშირად ვესწრები ხოლმე მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციების საბჭოს შეკრებებს და მინდა გითხრათ, რომ საქართველომ გაცილებით ადრე გაიაზრა წყალბადის მნიშვნელობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. მაგალითად, მე მახსოვს 2001 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოიწვია მეცნიერები და განუცხადა, რომ გეგმავდა წყალბადის ენერგეტიკის განვითარებას. წარმოიდგინეთ რა უცხო და ახალი იყო მაშინ აღნიშნული, ამიტომაც გამოიწვია განხეთქილება, ზოგი დაეთანხმა, ზოგი – არა. მე გვარების დასახელებისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებ, თუმცა საღმა აზრმა მაინც გაიმარჯვა და შეიქმნა სააგენტო – „წყალბადის განვითარების სააგენტო“. ის პიროვნება ვინც ხელმძღვანელობდა აღნიშულ საქმეს, დღესაც ცოცხალია და განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურად მუშობას, მისი სახელია თამაზ მარსაგიშვილი, რომელიც თავის დროზე განათლების მინისტრის მოადგილეც გახლდათ. მათ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, მათ შორის, ცდების ჩატარების კუთხით, თუმცა, 2003 წელს, მთავრობის ცვლილების შედეგად,  ხსენებული სააგენტო გაუქმდა. რომ ვუყურებ სხვა ქვეყნების ისტორიას, ზოგმა 2007 წლიდან დაიწყო აღნიშნულ პროექტზე მუშობა, ზოგმა – 2008-დან. წარმოიდგინეთ რამდენად წინ ვიქნებოდით, აღნიშნული პროექტი რომ გაგრძელებულიყო.

თუმცა, დაგვიანებული არც ახლაა. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ხშირად სწორად ვერ ვარჩევთ პრიორიტეტებს. თუ ქვეყანა სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და შეიმუშავებს გრძელვადიან ხედვას, რის საფუძველზეც ერი შეიძენს საკუთარ მისიას, მაშინ ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი ყველაფრის განვითარება.

ხოლო, ჩემს მიერ ხსენებული წყალბადის ველი იმითაც არის კარგი, რომ გვაძლევს საშუალებას სწრაფად და მარტივად დავუკავშირდეთ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და გამომგონებლებს, მოხდეს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, საერთო პროექტებში ჩართვა, მილიონიანი გრანტების ერთობლივად მოპოვება.

სხვათა შორის, 2022 წელს პირველად მიეცა საშუალება საქართველოს თავად ყოფილიყო პროექტების კოორდინატორი, მას შემდეგ, რაც გახდა „ჰორიზონტ ევროპის“ წევრი. აღნიშნული საშუალებას გვაძლებს თავად მოვახდინოთ სხვადასხვა პროექტების ინიციირება და სხვ. მათ შორის არის პატარა და დიდი ველების შექმნაზე შემოთავაზებებიც. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო შეძლებს რომელიმეს განხორციელებას.

 

თქვენი აზრით ვისი მხრიდან არის ახლა საჭრო აქტიურობა და ჩართულობა ყველაფერი იმის რეალობაში მოსაყვანად, რაზეც ახლა ვისაუბრეთ?

წეღანაც ვახსენე და კიდევ გავიმეორებ, აუცილებელია სისტემური მიდგომა. აქაც არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება, ყველაფერი უკვე გამოგონილია. ერთროულად მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას საქართველოსნაირი პატარ ქვეყანა კი არა, აშშ-ს მსგავსი დიდი ქვეყნებიც ვერ ახერხებნ, ამიტომ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პრიორიტეტების სწორად შერჩევის აუცილებლობასა და სისტემურ მიდგომას, აღნიშნულისთვის კი ძალიან ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა პლატფოირმების შექმნა, სადაც მოხდება კონცენტრაცია კონკრეტულ იდეის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ. 2000 წელს დიდი პრობლემა შეექმნა ევროკავშირს ცნობილ კომპანია „ბოინგთან“ მიმართებაში. ყველა ქვეყანას სურდა (რაც ბუნებრივია) მასთან აშენებულიყო კომპანიის საწარმო. ხანგრძლივი განხილვების შედეგად, ევროსაბჭოს რამდენიმე ექსპერტმა წამოაყენა წინადადება, რომ მომხდარიყო მიზნობრივი დაფინანსება საკონსტრუქტორო და სამეცნიერო ბიუროების, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების, რათა შექმნილიყო „ეარბას ა380“. აღნიშნული პროექტი, რომელსაც ტექნოლოგიური პლატფორმა უწოდეს, ასეთი მიდგომით ძალიან სწრაფად, დაახლოებით ერთ წელიწადში განხორცილედა და ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალევე გამოუშვეს პირველი ევროპული ავია-გამანდგურებელი და ვერტმფრენი. ხსენებული სინერგია გადაეცა სხვა დარგებსაც და დაახლოებით შვიდ წელიწადში შეიქმნა 38 ტექნოლოგიური პლატფორმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეტი აღარც დამატებულა, რადგან ამოწურა საკუთარი რესურსი. აღმოჩნდა, რომ 38 პლატფორმა ევროკავშირისთვის სრულიად საკმარისი იყო. თუმცა, ამას მოჰყვა ის, რომ რუსეთმა მიმბაძველობით თუ ჯიბრით, ან ორივე მიზეზით, თავადაც შემნა 35 ტექნოლოგიური პლატფორმა დაახლოებით 5 წელიწადში.

 

საქართველოში რა პერსპექტივას ხედავთ აღნიშნული მიმართულებით?

მე დიდი ხანია ვცდილობ, რომ საქართველოშიც შეიქმნას ტექნოლოგიური პლატფორმა რაიმეში, მაგალითად ბიოლოგიაში. საქართველოში 5 ასეთი პლატფორმაც რომ შეიქმნას, უკვე საკმარისია. რა თქმა უნდა, რაც მეტი – უკეთესია, მაგრამ, ხომ ხედავთ, ევროკავშირშიც კი 38-ზე მეტის საჭიროება არ აღმოჩნდა. მე ასევე მიმაჩნია, რომ სწორედ წყალბადის ენერგეტიკა უნდა იყოს ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა.

 

თუ შეიძლება, რომ დეტალურად განგვიმარტოთ, რა სახით უნდა შეიქმნას, ვინ უნდა იყოს ინიციატორი ან დამფინანსებელი?

უნდა იყვნენ ხსენებულ საკითხში გარკვეული ფასილიტატორები სახელმწიფო ან თუნდაც კერძო ორგანიზაციიდან. ასევე, უნდა ჩაერთოს მეცნიერებათა აკადემია, კერძო ბიზნესი, საფინანსო ორგანიზაციები (როგორც კერძო ბანკები, ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები), არასამთავრობო ორგანიზაციები, რითაც ვიღებთ ეგრეთწოდებულ „ოთხმაგ სპირალს“, რომელიც მიდის კონკრეტული მიზნისკენ. შემდეგ უკვე „რუსთაველის ფონდის“ დაფინანსება იქნება, თუ ევროკავშირის გრანტი, ბუნებრივად გიბიძგებს იმისკენ, რომ აქცენტი გაკეთეს ამ კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე და დრო და ენერგია (დროებით მაინც) არ დაიხარჯოს სხვა რამეზე. როდესაც განვითარდება წყალაბადის ენერგეტიკა, რომელიც იქნება ხერხემალი მომავლის ეკონომიკის, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სწორედ ენერგეტიკაა ყველაფრის ბაზისი, განვითარდება ეკონომიკის სხვა დარგებიც. ეს გახლავთ ჩემი გრძელვადიანი ხედვა და ალგროთმი, თუ როგორ უნდა მოხდეს განვითარების ხელშეწყობა და საბედნიეროდ, ბევრი მეთანხმება, რადგან აღნიშნული არის კოლაბორაცია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, პლიუს ჩართული არის სამეცნიერო, რომელიც არის მაკოორდინირებელი ინსტიტუტებს შორის და არასამთავრობო სექტორი. შემდეგი უკვე წყალბადის ველის შექმნაა, რითაც ევროკავშირში გაწევრიანებც კი, უფრო გაადვილებული პროცესი იქნება, თუმცა აქ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვნესია სწორად მოხდეს პროფესიონალების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ დაკისრებული მოვალეობისთვის თავის წარმატებით გართმევას, რადგან შესაძლებელია ერთმა უპასუხისმგებლო ჩინოვნიკმა სრულად ჩაშალოს მსგავსი პროექტი, რისი მომსწრეც მე არაერთხელ გავმხდარვარ.

 

ნინო სამადაშვილი

წყალბადის ველების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://h2v.eu/hydrogen-valleys

Leave a Reply

Menu Title