წარმოგიდგენთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის ერიკ ვოტენის სტატიას, რომელიც „The Washington Post”-ში გამოქვეყნდა.
ნავთობზე ფასის ვარდნის შეჩერება, თითქოს შეუძლებელია. 2011 წლიდან 2014 წლამდე ნავთობის ფასი სტაბილურად მაღალი იყო და ბარელზე 100 დოლარს აღემატებოდა. ახლა ის 30 დოლარამდე გაიაფდა. ნავთობი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საქონელია. ფასების მნიშვნელოვან ცვლილებას მხოლოდ ეკონომიკური შედეგები არა აქვს. ის საერთაშორისო პოლიტიკაზეც აისახება. თანამედროვე კვლევების მიხედვით, იაფი ნავთობი მსოფლიოსთვის შეიძლება კარგიც იყოს – ამ ფაქტორმა, შესაძლოა, მსოფლიოს მეტი მშვიდობა და თანამშრომლობა მოუტანოს. თუმცა, როგორც ეს სოციალურ მეცნიერებებში ხდება ხოლმე, გასათვალისწინებელია რამდენიმე პირობა.
მეტი მშვიდობა
ნავთობით მდიდარი სახელმწიფოები ომისკენ უფრო მიდრეკილები არიან. მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ ერაყის შეჭრა ქუვეითში, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და ირანის აგრესიული განწყობა, თუმცა მკვლევარები უფრო ფართო ტენდენციაზეც საუბრობენ. კალენ ჰენდრიქსი თავის ახალ სტატიაში ასკვნის, რომ ნავთობზე დაბალ ფასებს მილიტარიზმის შემცირება შეუძლია. მაშინ, როდესაც ბარელი ნავთობის ფასი 77 დოლარს აღემატება, ნავთობექსპორტიორი ქვეყნები ომისკენ სხვებზე უფრო მიდრეკილები არიან. ნავთობის 33 დოლარამდე გაიაფების შემდეგ კი, ისინი საომარ კონფლიქტებში უფრო იშვიათად ერთვებიან.
მოდით, მიზეზების ახსნა ვცადოთ. საუდის არაბეთისა და რუსეთის მსგავს ქვეყნებს ნავთობის გაიაფების გამო საბიუჯეტო ხარჯების შემცირება მოუხდათ. ეს სამხედრო ავანტურაში ჩართვას უფრო ართულებს. შესაძლოა ნავთობით მდიდარ ქვეყნებს, ძვირი საწვავის პირობებში, ნაკლებად ეშინიათ, რომ წესების დარღვევისთვის დაისჯებიან. მაიკლ როსის კვლევამ აჩვენა, რომ ნავთობით მიღებული დიდი შემოსავალი დემოკრატიის ხარისხს ამცირებს, გენდერულ თანასწორობას არღვევს და სამოქალაქო ომებს იწვევს.
ამასთან ისიც უნდა დავამატოთ, რომ ნავთობის ფასის არასტაბილურობამ ქვეყნის შიგნით შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. ნავთობის გაიაფება და სახელმწიფო ხარჯების შემცირება პოლიტიკური ლიდერების პოპულარობას ამცირებს. მეცნიერების ნაწილს აღელვებს, რომ ლიდერებმა შეიძლება ომები, შიდა პრობლემედან ხალხის ყურადღების გადასატანად წამოიწყონ. ზოგი შემთხვევა თითქოს ამ თეორიას ადასტურებს, თუმცა ეს არცთუ ისე აშკარაა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყურადღების გადასატანად დაწყებული ომები შედეგს ვერ აღწევენ.
არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ნავთობის გაიაფება ავტორიტარული რეჟიმების დამხობას იწვევს. მეტიც, ნავთობის ფასების ვარდნის შედეგაგ საკვები იაფდება, რამაც შესაძლოა ნავთობით ღარიბ ქვეყნებში შიდა არეულობის შემცირება გამოიწვიოს. ამდენად, ნავთობის ფასების გაიაფება, სავარაუდოდ, მსოფლიოს მასშტაბით ძალადობის ხარისხი შეამცირებს. თუმცა, ეს საკითხი საკმარისად კარგად შესწავლილი არ არის.
მეტი თანამშრომლობა
ნავთობზე დაბალმა ფასებმა მსოფლიო შეიძლება თანამშრომლობისკენ უფრო მიდრეკილი გახადოს. მე და მაიკლ როსი ჩვენს ახალ ერთობლივ სტატიაში ვამტკიცებთ, რომ რაც უფრო მეტადაა ქვეყანა ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებული, მით უფრო ნაკლებადაა თანამშრომლობისთვის განწყობილი. ეს ქვეყნები იშვიათად წევრიანდებიან საერთაშორისო ორგანიზაციაში და ნაკლებად ცნობენ საერთაშორისო სამართლებრივი ორგანოების იურისდიქციას.
არგუმენტი მარტივია – ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო თანამშრობლობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვეყნები საერთაშორისო ხელშეკრულებებში ხშირად იმიტომ მონაწილეობენ, რომ ეს მათი ექსპორტის ზრდას ეხმარება და უცხოელ ინვესტორებს იზიდავს. თუმცა ნავთობისა და გაზის გასაყიდად ქვეყნებს მთხოვნელის როლში ყოფნა არ უწევთ. მეტიც, ნავთობის მაღალი ფასების პირობებში, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს, „ჰოლანდიური ავადმყოფობის” გამო, სხვა პროდუქციის საექსპორტოდ გატანა უჭირთ – უცხოური ვალუტის შემოდინება ადგილობრივ ვალუტას ამყარებს, ეს კი საექსპორტო პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ამდენად, ნავთობექსპორტიორები ბაზრებისა და ინვესტორების მოძიების მიზნით თანამშორმლობის საჭიროებას ვერ გრძნობენ.
ნავთობზე მაღალი ფასების პირობებში ნავთობექსპორტიორებს საერთაშორისო თანამშრომლობა იმპორტიორებზე ნაკლებად სჭირდებათ. მაგალითად, ბოლო წლებში ბოლივიამ, ეკვადორმა და ვენესუელამ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები გააუქმეს და სახელმწიფოებს შორის საინვესტიციო დავების რეგულირების კონვენციას გამოეთიშნენ…
ნავთობის გაიაფების შემდეგ, მთავრობა ეკონომიკის დივერსიფიცირებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ნავთობის გაიაფების დაწყებისთანავე განაცხადა. ეს ფაქტორი მთავრობებს საერთაშორისო თანამშრომლობისკენ უბიძგებს. მექსიკამ ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) მიმართ ინტერესი 1980-იან წლებში, ნავთობის გაიაფების შემდეგ გამოხატა. ინდონეზიამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციას (ASEAN) ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც ნავთობიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდა. ნავთობის 30 დოლარამდე გაიაფება პუტინს ერთ დღეში თანამშრომლობის სურვილს არ გაუღვიძებს, თუმცა ამისთვის სტიმული მაინც მიეცემა.
გრიფინ კოენი, ჩემი სტუდენტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან, მივიდა დასკვნამდე, რომ ნავთობის გაიაფება შეერთებულ შტატებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მეტი სარგებლის მიღებაში ეხმარება. ნავთობზე დაბალი ფასების პირობებში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საწვავის ექსპორტიორებიც და იმპორტიორებიც ხშირად ხმას აშშ-ს მსგავსად აძლევენ. ეს ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით აიხსნება. ნავთობის გაძვირება ექსპორტიორ ქვეყნებს აშშ-სგან შედარებით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევთ. საწვავის გაიაფება კი, ამერიკულ ბაზარსა და საერთაშორისო დახმარებაზე ამ ქვეყნების დამოკიდებულებას ზრდის.
მეორეს მხრივ, ნავთობზე მაღალმა ფასებმა შეიძლება ნავთობის იმპორტიორთა შორის თანამშრომლობა გამოიწვიოს. მაგალითისთვის, ჩინეთი და აშშ მოვიყვანოთ. ჩინეთს ენერგორესურსების ძიებაში ყურადღება, ძირითადად, აფრიკისკენ აქვს მიმართული. თუმცა იმ 10 ქვეყანას შორის, რომლისგანაც ჩინეთი ყველაზე მეტ საწვავს ყიდულობს, ანგოლაა. ფაქტობრივად, ჩინეთი იქვე ყიდულობს ნავთობს, სადაც შეერთებული შტატები. მათ შორის უმთავრესია სპარსეთის ყურის ქვეყნები. ეს ირანთან თანამშრომლობის, საზღვაო გზების გახსნისა და სტაბილურობის საჭიროებას აჩენს. ნავთობის გაიაფების შემდეგ, ეს საერთო ინტერესები შეიძლება გაქრეს.
ეს რას ნიშნავს?
ნავთობის გაიაფება რუსეთსა და ირანს ერთ დღეში საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობიან და თანამშრომლობისკენ მიდრეკილ ქვეყნებად არ აქცევს. ამან შეიძლება უფრო სახიფათო შედეგები მოიტანოს. საწვავის გაიაფებამ ნავთობექსპორტიორ ქვეყნებში შეიძლება საშინაო არეულობები გამოწვიოს და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ თანამშრომლობაზეც იმოქმედოს.
თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საწვავის გაიაფება ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს სამხედრო ავანტიურებისადმი ინტერესს უკარგავს და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი სტიმულს უჩენს. მსოფლიომ ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოს.
სტატია მოამზადა: ვასილ მამულაშვილმა
წყარო: პოლიტკომერსანტი