"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

“საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ გეგმავს დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად.
როგორც მინისტრის მოადგილემ 11 თებერვალს, თბილისში, “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე განმარტა, ენგურჰესზე შესაძლო შეზღუდვების შესახებ, აფხაზეთს ერთი წლის განმავლობაში აფრთხილებდნენ.
“ენგურჰესზე დღეს არსებობს შეზღუდვები. ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და ჩვენ აღარ განვახორციელებდით იმპორტს რუსეთისგან აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს აბსოლუტურად ჩაქვრებიან. არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას ჩვენი აქეთა მომხმარებელების ხარჯზე. მათ თბილისზე მეტი ყოველდღიური მოხმარება აქვთ. მილიონნახევრიან ქალაქზე მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება. მათ მოუწევთ იმ რესურსში ჩაკეტვა, რომელიც დღეს გააჩნიათ”, – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა. 
მისივე თქმით, აფხაზეთს რაც სჭირდება და ფიზიკურად შეუძლია წაიღოს ენგური ვარდნილიდან მიაქვს.
“ზამთარში სჭირდება 100%, ზაფხულში ამდენი არ სჭირდება და ჩვენ გაგვაქვს ექსპორტზე. ენგურს ექსპორტი სავალდებულო წესით გააქვს, რომ საოპერაციო ხარჯები დაფაროს და ჩვენმა მოსახლეობამ არ გადაიხადოს ტარიფზე დამატებით აფხაზეთის მოხმარება. რაც ჩვენთვის უნდა მოგვეწოდებინა ენგურიდან და ვერ ვიღებთ, ვყიდულობთ რუსეთისგან და მას აქვს 20-ჯერ მეტი ფასი. პლუს ამას ყველა ის ინვესტიცია, რაც განვახორციელეთ. მესამე კომპონენტი არის თვითონ ელექტროენერგიის ფასი, რომელსაც 1 თეთრად მოიხმარს, მაგრამ არ იხდის”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვალიშვილის თქმით, დღეს ქართულ მხარეს “ენგურჰესი” 100 მილიონი აშშ დოლარი უჯდება. “ენგურჰესის” გენერალურ დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების საკითხები არ მოწესრიგდება, რაც მრიცხველების დაყენებასა და გადასახადების ამოღებას გულისხმობს, აფხაზეთი 2 წლის შემდეგ, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.
ავტორი: ლილუ მიროტაძე
წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title