უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ნავთობი თითქმის ორი მესამედით გაიაფდა. Deutsche Welle ნავთობის მსოფლიო ბაზრის ტრანსფორმაციის მთავარ მიზეზებს მიმოიხილავს.
ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში, ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ბირჟებზე დაახლოებით 110 დოლარი ღირდა. დღეს ბრენტ-ის მარკის ნავთობი, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში მოიპოვება და საერთაშორისო ბირჟებზე ეტალონად მიიჩნევა, 30 დოლარი ღირს. ძალიან ძვირი ნავთობის ეპოქა, რომელიც 2011 წელს დაიწყო, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება.
გარდა ამისა, სიტუაციას ისტოროიულ პერსპექტივაში თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ უკანასკნელი წლები არატიპიურად გამოიყურება – 1980-1990-იან წლებში სრულიად ნორმალური იყო, როდესაც ერთ ბარელ ნავთობში დაახლოებით 20 დოლარს იხდიდნენ. 1999 წელს ფასი 10 დოლარამდეც კი დაეცა. ნუთუ ნავთობი კვლავაც ასე გაიაფდება?
არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ნავთობზე ფასის ვარდნა, თუმცა შეგვიძლია დავასახელოთ ფაქტორები, რომლებმაც ნავთობის ფასების ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი.
1. აშშ-ში ნავთობმოპოვების ზრდა
2012-2015 წლებში აშშ-მ ნავთობმოპოვება დღეში 10 მილიონი ბარელიდან 14 მილიონამდე გაზარდა, რითაც ნავთობის უმსხვილეს მომპოვებლებს – რუსეთსა და საუდის არაბეთს გადაუსწრო. ამდენად, ნედლეულის ბაზარს ნავთობის გიგანტური რაოდენობა დაემატა – ამას ემატება დღეში 4 მილიონ ბარელი, რომელსაც აფრიკის სამი უმსხვილესი მწარმოებელი – ნიგერია, ანგოლა და ლიბია მოიპოვებს. ასეთ შესაძლებლობას ახალი ტექნოლოგია – ფრეკინგი ქმნის. ეს საკმაოდ ძვირი ტექნოლოგიაა, თუმცა ბოლო წლებში, ნავთობზე მაღალი ფასის პირობებში, მას მოგება მაინც მოჰქონდა.
მართალია, აშშ ნავთობის ექსპორტს მინიმალურად ახორციელებს, რადგან იქ მოპოვებული შავი ოქრო ძირითადად შიდა ბაზარზე მოიხმარება, მაგრამ ნავთობიმპორტზე დამოკიდებულება მაინც მცირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია ბაზრიდან წავა (იმის გამო, რომ საწვავის გაიაფება მის ბიზნესს არარენტაბელურს გახდის), ფიქლის რევოლუციამ ნავთობის მსოფლიო ბაზარი უკვე სამუდამოდ შეცვალა.
2. ნავთობმოპოვების ზრდა ერაყში
ცოტა ვინმემ თუ შეამჩნია, რომ ნავთობმოპოვების ზრდის ტემპის მიხედვით, ერაყმა მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის მიუხედავად, ერაყმა 2014-2015 წლებში დღიური წარმოების 3,3 მილიონიდან 4,3 მილიონ ბარელადმდე გაზრდა შეძლო. ერაყი დღეისთვის უფრო მეტ ნავთობს მოიპოვებს, ვიდრე 2003 წლის ომამდე. ნავთობი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქურთებით დასახლებულ შედარებით მშვიდ რეგიონებში მოიპოვება.
3. ირანისგან სანქციების მოხსნა
მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება მოხერხდა, თეირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების უმეტესობა მოიხსნა. ამდენად, ირანმა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გასასვლელი მიიღო და ახლა ნედლეულის მოპოვების გაზრდა შეუძლია. ოპეკის მონაცემებით, ირანი დღეში 3 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ირანის დღიური ნავთობმოპოვება 300 ათასი ბარელით გაიზრდება. ამდენად, ბაზარზე მიწოდება კიდევ უფრო იზრდება, რამაც შეიძლება ფასწარმოქმნაზე გავლენა იქონიოს.
4. წყალქვეშა მოპოვება ბრაზილიაში
2013-2015 წლებში ბრაზილიამ დღიური ნავთობმოპოვება 2,6-დან 3 მილიონ ბარელამდე გაზრდა. OPEC-ის მონაცემებით, 2014-2015 წლებში ბრაზილიამ 159 ახალი ჭაბურღილი აამუშავა. ბრაზილია ზეღრმა ბურღვისა და ფიქლის ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერი გახდა – მარილის უზარმაზარი ფენების ქვეშ, ქვეყნის სანაპიროსთან, 4-8 კილომეტრის სიღრმეზე, ნავთობის მსხვილი საბადოები აღმოაჩინეს. თუმცა ბრაზილიაში ნავთობის ბუმის პერსპექტივები დიდი არ არის. დიდ სიღრმეში ფიქლიდან მოპოვება უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს, რაც ნავთობის დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, მომგებიანი ალბათ არ იქნება. გარდა ამისა, ნახევრად სახელმწიფო ნავთობკომპანია “პეტრობრას” რამდენიმე კორუფციულ სკანდალში გაეხვა და ახლა საინვესტიციო გეგმებზე უარის თქმა უწევს.
5. საუდის არაბეთი ნავთობმოპოვების შემცირებას არ გეგმავს
ბოლო ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთი ნავთობის ფასზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენდა. ამ ქვეყანას ნავთობის უზარმაზარი მარაგები აქვს. ამასთან, საუდის არაბეთში უამრავი ისეთი საბადოა, რომელიც მთელი დატვირთვით არ მუშაობს. ამდენად, საუდელებს შედარებით ნაკლები დანახარჯებით ნავთობის მოპოვების მკვეთრი გაზრდა შეუძლიათ, რაც ფასებს კიდევ უფრო შეამცირებს. მეორეს მხრივ, საუდის არაბეთმა, როგორც მსოფლიოში მესამე მიმწოდებელმა, მოპოვება შეიძლება ისე დაწიოს, რომ დეფიციტი შექმნას და ფასების ზრდაც გამოიწვიოს. ნავთობის გაიაფებით გამოწვეული ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტის მიუხედავად, საუდის არაბეთში, როგორც ჩანს, მოპოვების ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნებას აპირებენ. შესაბამისად, ისინი ნავთობის სამომავლო გაიაფებისთვისაც მზად არიან.
6. შეშფოთება ჩინეთში არსებული ვითარების გამო
მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით ზრდის ოფიციალური პროგნოზის პირობებში, ჩინეთში კრიზისის შესახებ საუბარი უცნაური იქნებოდა. თუმცა ბევრი ინვესტორი თვლის, რომ ოფიციალური ციფრების მიღმა სასტიკი რეალობა იმალება. წლის დასაწყისში ჩინეთის საფონდო ბირჟების დაცემა ბევრისთვის ჩინური ეკონომიკური სასწაულის დასასრულის ნიშანი იყო.
მსგავსი პროგნოზები ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზეც იწვევს შეშფოთებას. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩინეთში ნავთობის დღიური მოხმარება 7-დან 11 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი მინიშნება ჩინეთში კრიზისის შესახებ, ნავთობის ფასზე გავლენას ახდენს.
7. თბილი ზამთარი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში
ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევების ამერიკული სამმართველოს გაანგარიშებით, 2015 წელი, დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში (ანუ მე-19 საუკუნიდან), ყველაზე თბილი აღმოჩნდა. ელ-ნინოს ბუნებრივი მოვლენის გამო (თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში), 2016 წელიც თბილი იქნება. 2015-2016 წელს იმდენად რბილი ზამთარია, რომ აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში გათბობის სისტემებისთვის საწვავზე მოთხოვნამ მკვეთრად იკლო, რამაც ასევე იმოქმედა ნავთობის ფასზეც.
8. OPEC–ი წესებს აღარ ადგენს
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) წევრი 13 ქვეყანა, მათ შორის საუდის არაბეთი, ერაყი, ირანი, ნიგერია და ვენესუელა, საერთო ჯამში დღეში 32,3 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ. ამდენად, ეს ორგანიზაცია ნავთობის მსოფლიო მოპოვების – 97 მილიონი ბარელის, დაახლოებით მესამედს აკონტროლებს. პრინციპში, OPEC-ს შეუძლია მოპოვება იმდენად შეამციროს, რომ მიწოდების დეფიციტის გამო ნავთობის ფასებმა მოიმატოს. ასეთ რეაქცია შესაძლებელია, რადგან OPEC ხომ კლასიკური კარტელია, რომელიც ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. მისი მიზანი ნავთობის მომპოვებლების სასარგებლოდ და მომხმარებლების საზიანოდ მოქმედებაა.
თუმცა, დღემდე OPEC-ს ნავთობმოპოვება არ შეუმცირებია. მისი თითქმის ყველა წევრი ან მოპოვების რაოდენობას ინარჩუნებს, ან კიდევ – ზრდის. აშკარაა, რომ OPEC-ს ფასების დაცემის შეჩერება აღარ შეუძლია.
ისტორიული ტრანსფორმაცია
„ფასების ცვლილებისგან დამოუკიდებლად, ბაზრები ძველ მდგომარეობას, სავარაუდოდ, ვეღარასოდეს დაუბრუნდებიან”, – ასეთი პროგნოზი იანვარში საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ გააკეთა. ეს ვენესუელის, ნიგერიისა და ანგოლას ეკონომიკებისთვის ცუდი ახალი ამბავია. ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, მათ ცვლილებებთან ადაპტირება მოუწევთ. ცვლილებები, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის გაიაფება გამოიწვია, მოკლევადიან ხასიათს აშკარად არ ატარებენ.