"რუსთავის „აზოტს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის“

“რუსთავის „აზოტს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის“

რუსთავის „აზოტი“ „სოკარს“ ტარიფის გადახედვას სთხოვს.

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, რუსთავის „აზოტს“ ფუნქციონირებისთვის არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

კალაძის ინფორმაციით, „სოკარის“ წარმომადგენლები „აზოტის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ და როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, ხელშეკურლება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაფორმდება.

„როგორც ვიცი, „აზოტთან“ ჰქონდათ შეხვედრა კომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელებს, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია და ალბათ, უახლოეს დღეებში ხელშეკრულება იქნება „აზოტთანაც“ გაფორმებული და პრობლემა მოხსნილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რუსთავის „აზოტის“ მუშაობა სარემონტო სამუშაოების გამო იყო შეჩერებული.

„აზოტი“ შეჩერებული იყო სარემონტო სამუშაოებისთვის და როდესაც მიდის სარემონტო სამუშაოები, ქარხნის ამუშავება ფიზიკურად ვერ მოხდება, ამიტომ, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიღებულია, შეთანხმება მიღწეულია და რამდენიმე დღეში, ალბათ, იქნება ხელშეკრულების გაფორმება და „აზოტს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

რუსთავის „აზოტი“ „სოკარს“ ტარიფის გადახედვას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია, ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, თანამშრომლების დათხოვნას არ გამორიცხავს.

როგორც ცნობილია, თვეზე მეტია, ქარხანამ პროდუქციის წარმოება შეაჩერა.

Leave a Reply

Menu Title