"სოკართან მოლაპარაკებებში ქართულმა მხარემ მაღალი კომპეტენცია გამოამჟღავნა"

“სოკართან მოლაპარაკებებში ქართულმა მხარემ მაღალი კომპეტენცია გამოამჟღავნა”

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში  ლიანა ჯერვალიძე მიიჩნევს, რომ „სოკართან“ მოლაპარაკებებით ძალიან კარგი შედეგი დაიდო.

„მიმაჩნია, რომ  მოლაპარაკებებში ჩართულმა ენერგეტიკის სამინისტროს ჯგუფმა ძალიან მაღალი კომპეტენცია და  უნარი გამოამჟღავნა.  კარგად დაგეგმეს და წარმართეს მოალაპრაკებები სხვადასხვა მხარესთან. აზერბაიჯანმა დაინახა, რომ ის ექსკლუზიურ მდგომარეობაში არაა და არსებობენ სხვა მომწოდებლებიც, რომლებსაც სურთ ამ ბაზარზე შემოსვლა, მიიჩნია, რომ საქართველო მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და წამოვიდა დათმობებზე“, – აცხადებს ლიანა ჯერვალიძე.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულება არასოდეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა და აქსიომაა, რომ კონკურენტულ გარემოში მოსალაპარაკებლად უკეთესი პოზიცია გაქვს.

ამასთან, რასაკვირველია, ყველა მხარეს საკუთარი ინტერესი აქვს, რომლის დაცვაზე ფიქრობს და აქ არაფერი სამარცხვინო არაა.

„აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი“ თვითონ აწარმოებს მოლაპარაკებებს  რუსულ კომპანიებთან, ამიტომ როგორც ჩვენ არ ვერევით აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობებში, ასევე ჩვენ არ გვეკრძალება დამოუკიდებლად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ მომწოდებლებთან“, – აცხადებს ჯერვალიძე და აღნიშნავს, რომ  ქართული მხარის მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გარეშე მიღწეული შედეგი ასეთი დონის არ იქნებოდა.

„ჩვენ მიღებთ არა მხოლოდ გაზის დამატებით რაოდენობას, არამედ კიდევ ერთი გარღვევა აქ ისაა, რომ ჩვენ ამ გაზს მივიღებთ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რადგან, გაზსადენზე დადებულია ისეთი მყარი  კონტრაქტი, რომ კონსორციუმის ყველა წევრის შეთანხმების გარეშე, ფაქტობრივად გამორიცხავს დამატებითი გაზის მიწოდებას რომელიმე მხარის მიერ. აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა. რომ დაუშვეს ამ გაზსადენით დამატებითი გაზის მიწოდება – ეს არის ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფის მიერ მიღწეული შედეგი – მხარეები დაარწმუნეს, რომ ჩვენ გვაქვს მძიმე მდგომარეობა და ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მისაღები ალტერნატივები. არ ველოდი ასეთ გარღვევას. ფაქტობრივად, კონსორციუმის ბლოკირება გავარღვიეთ, ამას ვცდილობდით. რამდენჯერმე იყო მცდელობა წინა მთავრობის დროსაც კი და კონსორციუმის წინაღობა ვერ გადალახეს. ეს პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა“, – აცხადებს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ფასების შემცირებამ აზერბაიჯანს და „სოკარს“ საინვესტიციო პორტფელი შეუმცირა და ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდა.

რა წყაროდან მიიღო საქართველომ დამატებითი გაზი ჯერ უცნობია. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი:

„აზერენერჯი“, თბოსადგურებს მაზუთზე გადაიყვანდა და გამოთავისუფლებულ გაზს საქართველოს მოაწვდიდა

„აზერენერჯი“ „გაზპრომიდან“ შეისყიდიდა გაზს და გამოთავისუფლებულ გაზს „სოკარი“ საქართველოსკენ მომართავდა.

მეთანის, ასოცირებული გაზის შეგროვება და კომერციალიზაცია.

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს მოლაპარაკებების შედეგს, რომ „სოკარისთვის“ ვრჩებით  ისეთივე სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც წლების განმავლობაში ვიყავით“.

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply

Menu Title