ლისის ტბის მიმდებარედ 1500 ხე-მცენარე დაირგო

ლისის ტბის მიმდებარედ 1500 ხე-მცენარე დაირგო

ლისის ტბის რეკრეაციული კომპლექსის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა. 2-2.5 მ სიმაღლის კედარის, კიპარისისა და ცაცხვის ჯიშის ხე-მცენარეები ლისის ტბის გარშემო ქარსაცავი ზოლის მოწყობის მიზნით დაირგო, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით ქარსაცავი ზოლის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტერიტორიის რეკრეაციული რესურსებისა და ეკოსისტემის განვითარებისთვის, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.

,,აქტიურად ვაგრძელებთ გამწვანების ღონისძიებებს. დღევანდელი ღონისძიება ლისის ტბის გარშემო გამწვანებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერიტორია წესრიგდება და აქ ჩართულია როგორც ინვესტორი, ისე თბილისის მერია, იმისათვის, რომ კარგი რეკრეაციული ზონა განვითარდეს. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში დარგული ხეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა შეემატება თბილისს”,

– განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ცნობით, ლისის ტბის ტერიტორიაზე დღეს 1500 ხე-მცენარე დაირგო. ჯამში, ლისის ტბის მიმდებარედ, 2500 ხის დარგვა იგეგმება.

„გამწვანების სამუშაოები სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. რგვები ქალაქის მასშტაბით სამი ძირითადი მიმართულებით, ტყე-პარკების აღდგენის, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანების, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება“, – ნათქვამია მერიის განცხადებში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგვება ოქროყანაში – გამხმარი და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ქალაქის შიდა ტერიტორიაზე, პარკ-სკვერებსა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ.

მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.

„2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება“, – აცხადებენ მერიაში.

Leave a Reply

Menu Title