შუახევიჰესი ელექტროენერგიის წარმოებას 2017 წლიდან დაიწყებს, მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების 75% უკვე დასრულებულია, პროექტი სრულად შემოდგომაზე დასრულდება, 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება.
აღნიშნულის შესახებ პარასკევს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი.
კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს დაცვას. გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით კომპანია ახორციელებს შემარბილებელ და საკომპენსაციო ღონისძიებებს.
ამასთან, შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.
შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და წამყვან კოპმანიებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი საწინდარია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, რომელიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებასთან მჭიდრო კავშირშია. სწორედ, EBRD-ის, IFC-ის, ADB-ის, TATA Power-სა და Clean Energy Invest-ის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია 416 მლნ აშშ დოლარის ინევესტიცია ენერგეტიკის სექტორში, რომლის ფარგლებში ასევე განხორციელდა სოციალური პროექტები ინფრასტრუქტურის განვითარების“, – აღინიშნა ანგარიშის წარდგენისას.
ინვესტორი აღნიშნავს პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში (მოგების გადასახადი – 10%), რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას.
წყარო: gbc.ge