პირველი მაისიდან ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანაზე შეღავათები ამოქმედდება

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის გადასახადი 50%-ით შემცირდება. შესაბამისმა ინიციატივამ, რომელიც პარლამენტის „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას ეკუთვნის, საკანონმდებლო ორგანოში ორი მოსმენა გაიარა და სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში საბოლოოდ დამტკიცდება. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, შეღავათი მიმდინარე წლის პირველი მაისიდან უნდა ამოქმედდეს.

შეღავათი 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გავრცელდება და არა ყველა ტიპის ავტომობილზე.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისკენ გადადგმულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად დაასახელა.

„ეს, რა თქმა უნდა, სტიმულს მისცემს ასეთი ავტომობილების შემოყვანას. თუმცა, ეს მყისიერად ვერ მოხდება. ასეთი ნაბიჯებით უნდა მოხდეს თანდათან ჩანაცვლება. ასევე ახლა შემოსული კანონით ასაკზე იქნება გადასახადი. ეს თავისთავად ხელს შეუწყობს პარკის განახლებას. აქედან გამომდინარე, ასე უნდა მოხდეს თანდათანობით, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული“,

– განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომანქანების მასობრივი მოხმარება შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე  “კომერსანტი“ დაინტერესდა, დაგეგმილი ცვლილებები რეალურად გაზრდის თუ არა ამ ტიპის მანქანებზე მოთხოვნას და დაახლოებით რა ოდენობის შეღავათს მისცემს ეს მომხმარებლებს? „კომერსანტი“ ავტოდილერების აზრით დაინტერესდა.

როგორც myavtoshop.ge-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე ციცვიძე  აცხადებს, აქციზის გადასახადის 50%-ით შემცირება ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად გაზრდის.

მისი თქმით, როცა მომხმარებელი ამ ტიპის მანქანას ყიდულობს, ის ეკონომიურობაზეა ორიენტირებული, რადგან ეს მანქანები ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. ალექსანდრე ციცვიძე ამბობს, რომ თუ ამას  შეღავათები დაემატება, ეს მოთხოვნას დაახლოებით 50%-ით გაზრდის.

„2010 წლიანი ჰიბრიდული მანქანა რომ ჩამოიყვანო, ეს მინიმუმ 15 ათასი ღირს. ვთქვათ მანქანას აქვს ძრავის მოცულობა 3,5. ამის აქციზის გადასახადი 2450 ლარი იქნება. ჯამურად ასეთი მანქანის განბაჟება 3 ათას ლარამდე გამოდის, ამას თუ დააკლდება 1225 ლარი (აქციზის 50%-იანი შეღავათი), გამოდის 500 დოლარს ზოგავ. ეს კი საკმაოდ დიდი შეღავათია“

,- აცხადებს ალექსანდრე ციცვიძე.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ აქციზის გადასახადი სხვა ავტომობილებზეც შემცირდება, რადგანაც ახლა სექტორი კრიზისშია.

„ამხელა განბაჟება არ უნდა უწევდეს ავტომობილებს. ჰიბრიდულზე თუ შემცირდება გადასახადი, ეს ძალიან კარგად აისახება გაყიდვებზე. ისედაც ძალიან დიდი კრიზისია, თითქმის აღარ ხდება რეექსპორტი არცერთ ქვეყანაში. მარტო არის ქართული ბაზარი დარჩენილი, სადაც ამდენი მანქანის ყიდვა-გაყიდვა ვერ მოხდება“,

– აცხადებს ალექსანდრე ციცვიძე.

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძეც აცხადებს, რომ შეღავათი გაყიდვებს გააორმაგებს.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად ეს ქვეყანაში ახალი ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების შემოყვანას შეუწყობს ხელს.

„2010-2011- წლიანი ავტომობილების განბაჟება არის ძვირი. შესაბამისად, ეს შეღავათი გააორმაგებს ამ ავტომობილების იმპორტს“,

– აცხადებს გიორგი სურგულაძე.

ჰიბრიდულ ელექტრონული ავტომობილი, ანუ HEV არის შიდაწვის ძრავა პლუს ელექტროძრავა, რომლებთაგანაც ერთი უმეტეს შემთხვევაში ძირითადია, ხოლო მეორე დამატებითი. მსოფლიოში ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებაში გიგანტი კომპანიები მილიარდობით დოლარს აბანდებენ. უკვე მიმდინარეობს მუშაობა ელექტროძრავიანი თვითმფრინავის შექმნაზეც.

Leave a Reply

Menu Title