"ზამთარში დამატებითი ბუნებრივი აირის მოძიება აღარ მოგვიწევს"

“ზამთარში დამატებითი ბუნებრივი აირის მოძიება აღარ მოგვიწევს”

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობა ქვეყანას ბუნებრივი აირის დეფიციტის პრობლემას მოუხსნის.

” – ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ვიწყებთ გაზსაცავის მშენებლობას. წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება სამშენებლო სამუშაოების დაწყება. პატარა კვლევები არის ჩასატარებელი, რომ დეტალური ინფორმაცია მივიღოთ. საუბარია დაახლოებით, 220-დან 280 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე. ამ პროექტის მნიშვნელობა იმით არის განსაზღვრული, რომ იცით, საქართველოში არის ბუნებრივი აირის მოხმარების დისბალანსი. ზამთრის პერიოდში, უფრო მეტს მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა, ვიდრე, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ამ პროექტის განხორციელებით, საერთოდ მოვხსნით იმ პრობლემას, რომ ზამთარში გვიწევს დამატებითი მოცულობის მოძიება. პარალელურად, იცით, რომ სრულდება შაჰ-დენიზის მეორე ფაზა, საიდანაც მივიღებთ დამატებით მოცულობებს. აქედან გამომდინარე, გვექნება შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი გაზი, რაც ქვეყნის საკუთრება იქნება, შევინახოთ”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის დაფინანსებას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია “ჯეოსტოკი”, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2015 წლის ივნისში გააფორმა, თავად მოიძიებს.

” – პროექტის დასაფინასნებლად, უკვე მზადყოფნას გამოთქვამს ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა, EBRD. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დაახლოებით, 250 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს იქნება კომპანიის მიერ მოზიდული თანხა და ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება”, – განაცხადა კალაძემ.

წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title