„ძეგვიჰესს“ ქართული კომპანია Geo Power-ი ააშენებს

„ძეგვიჰესს“ ქართული კომპანია Geo Power-ი ააშენებს

მდინარე მტკვარზე „ძეგვიჰესის“ მშენებლობას ქართული კომპანია შპს Geo Power-ი განახორციელებს, ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება. საქართველოს მთავრობამ მოიწონა შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც ენეტგეტიკის სამინისტროსა და კომპანია Geo Power-ს შორის დაიდო.

ჰესისთვის გამოყოფილი ტერიტორია მცხეთის რაიონში, თბილისიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. მომავალი ჰესის დადგმული სიმძლავრე 15,7 მვტ-ია, პროექტის ღირებულება და სავარაუდო ინვესტიცია — 24 მილიონი დოლარი.

მემორანდუმის პროექტის თანახმად, კომპანიას მიენიჭება ექსკლუზიური უფლება – 12 თვის განმავლობაში მდინარე მტკვარზე განახორციელოს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩაატაროს საჯარო განხილვები და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ წინადადებები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში აიღოს მშენებლობის ნებართვა, ხოლო 30 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიიღოს ჰიდროელექტროსადგური.

ჰესი
© SPUTNIK/ АЛЕКСАНДР МАКАРОВ

ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 15 წლის განმავლობაში, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროსადგურის სრული ფაქტობრივი გამომუშავების რეალიზაცია განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენ თვეებში კომპანიას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი.

წყარო: Sputnik საქართველო

Leave a Reply

Menu Title