საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

ბოლო ორი დღეა საქართველოში საწვავზე ფასმა მოიმატა. სხვადასხვა ქსელში ფასების 3-5 თეთრით მატება დაფიქსირდა. ამის შესახებ ALLNEWS.GE-ის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში საწვავის ფასების ცვლილება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე – ლარის გაცვლით კურსსა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილებაზე.

“როგორც იცით, ბოლო რამდენიმე თვეა ნავთობზე ფასების მატება შეინიშნება, რამაც გამოიწვია საქართველოში საწვავის ფასის 3-5 თეთრით მატება. მაგრამ ამასთან დაიწყო ლარის გამყარებაც დოლართან მიმართებაში, რამაც ამ ფაქტორის ერთგვარი კომპენსირება გამოიწვია. ლარი რომ არ გამყარებულიყო, საქართველოში საწვავზე ფასის მატება უფრო მაღალი იქნებოდა.

ამგვარად მომავალში თუ ლარი გააგრძელებს გამყარებას, ეს პოზიტიურად აისახება საწვავის ფასზე. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ფასების მატება გამორიცხულია, ვინაიდან ეს დამოკიდებულია ამ ორ ფაქტორზე”, – ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო რამდენიმე თვეა იზრდება. დილის მონაცემებით, ნედლი ნავთობის ფასი კიდევ 1.3%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 46.83 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება “ბრენტის” ტიპის ნავთობს, მისი ფასი 48.47 დოლარს შეადგენს.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, ეს მაჩვენებლები შესაძლოა, უახლოეს მომავალში კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე, ზაფხულში ტრადიციულად ფასების ზრდაა მოსალოდნელი.

“ბოლოდროინდელ ზრდას ვერ დავარქმევთ უმნიშვნელო ზრდას. მიმდინარე ფასები განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, ერთ-ერთი ფაქტორი არის ის რომ OPEC-ის ქვეყნები აწარმოებენ იმ პოლიტიკას, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის მოპოვების არ შემცირებასთან. ისინი ბოლო თვეების განმავლობაში არათუ ამცირებენ მოპოვებას, პირიქით ზრდიან. მსოფლიო ბაზარზე დღეს ნავთობის მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს.

რაც შეეხება უახლოესი თვეების პერსპექტივას. როგორც იცით, ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებით აქტიურია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის თვალსაზრისით, რადგან შვებულებების სეზონია, ამიტომაც ამ პერიოდში ნავთობზე მოთხოვნა იზრდება, შედეგად ზაფხულის სეზონზე ტრადიციულად ფასების მატება ფიქსირდება”, – ამბობს მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ე.წ შავ ოქროზე ფასი დაახლოებით 70%-ით შემცირდა. 2016 წლის იანვრიდან კი ნავთობზე ფასების კვლავ მატება დაიწყო.

წყარო: allnews.ge

Leave a Reply

Menu Title