Goldman Sachs ნავთობის ფასის პროგნოზებს ცვლის

Goldman Sachs ნავთობის ფასის პროგნოზებს ცვლის

ნავთობის ფასი აშშ დოლარის გამყარების და ბაზარზე მიწოდების ზრდის ფონზე იკლებს. ბოლო გარიგებით ბრენტის ნავთობის ფასი 18 ცენტით შემცირდა და ბარელზე 48.54 აშშ დოლარი შეადგინა. აშშ ნედლი ნავთობი კი 26 ცენტით გაიაფდა და ბარელის ფასი 48.15 აშშ დოლარს შეადგენს. ნავთობზე ფასის კლება წინა კვირის საპირისპირო ტენდენციას მოყვა, როცა ფასის მკვეთრი მატება რამდენიმე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანაში შექმნილი პრობლემების გამო დეფიციტური მიწოდებით იყო განპირობებული; თუმცა ვითარების დასტაბილურების ფონზე ბაზარზე ისევ სიჭარბეა დღეში 1.5 მილიონ ბარელამდე.

Goldman Sachs-ის უახლესი პროგნოზის თანახმად აშშ-ში მოპოვება 2020 წლამდე მზარდი იქნება, რაც ნავთობის ფასს 50-55 აშშ დოლარის ფარგლებში შეინარჩუნებს. ანგარიშის თანახმად, გადაიხედა პროგნოზები მიმდინარე წლისთვისაც და ბრენტის ნავთობის საშუალო ფასი ნაცვლად 39 აშშ დოლარისა 45 აშშ დოლარზე დაფიქსირდა, ასევე 45 აშშ დოლამდე მოიმატა WTI მარკის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზმა 38 აშშ დოლარიდან. რაც შეეხება 2017 წელს, აშშ-დან და OPEC-დან მიწოდების მოსალოდნელი ზრდის გამო Goldman Sachs-მა ასევე შეცვალა პროგნოზები; კერძოდ, 2017 წლისთვის ბრენტის ნავთობის ფასის პროგნოზი 60-დან 55 აშშ დოლარამდე შეამცირა, ხოლო WTI-ის ფასის პროგნოზი 58-დან 53 აშშ დოლარამდე.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელი ირანი მომავალი ზაფხულისთვის თავისი საექსპორტო პოტენციალის 2.2 მილიონამდე გაზრდას გეგმავს და ასევე არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს წარმოების გაყინვის შეთანხმებაში. OPEC-ის შეხვედრა, რომელზეც ორგანიზაციის წევრებმა სამოქმედო პოლიტიკაზე უნდა იმსჯელონ, 2 ივნისისთვის არის ჩანიშნული. შეხვედრაში მონაწილეობას ირანიც მიიღებს.

წყარო: Georgian Wall Street

Leave a Reply

Menu Title