აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მეორე ეტაპის მშენებლობის პროცესში აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

აჭარის რეგიონში ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში, ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. პროექტიდან გამომდინარე, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს. რეგიონის მასშტაბით გაზის მიწოდება 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.

თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული შემადგენლობით გადავლენ 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე. 24 საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რათა აჭარის ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველვყოთ შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში: მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46.

Leave a Reply

Menu Title