ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

აფხაზეთის რეგიონის მხრიდან შენარჩუნებულია ზრდის დაბალი ტემპი – 2016 წლის მაისში მოხმარება გაიზარდა მხოლოდ 1.0%-ით წ/წ, თუმცა აღსანიშნავია 2015 წლის მაისის მაღალი ბაზა (+31.5% წ/წ). აფხაზეთის რეგიონის მოხმარებას თუ გამოვრიცხავთ, 2016 წლის მაისში ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში წლიური 6.2%-ით არის გაზრდილი. მოხმარების ზრდა კონცენტრირებულია თბილისსა და მის შემოგარენზე (+11.6% წ/წ). ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების მოხმარება წლიური 3.6%-ით, ხოლო კახეთის ენერგოდისტრიბუციის აბონენტთა მოხმარება წლიური 1.4%-ით არის გაზრდილი. ჯორჯიან მანგანეზის, ყველაზე მსხვილი პირდაპირი მომხმარებლის, მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა და ქვეყნის მოხმარების 12.5% შეადგინა.

2016 წლის მაისში გაიზარდა ელექტროენერგიის ექსპორტიც (+32.0% წ/წ). ექსპორტირებული 189.9 გვტ/სთ-დან 81.7 გვტ/სთ (43.0%) რუსეთისკენ იყო მიმართული, 61.0 გვტ/სთ (32.1%) თურქეთისკენ, 45.2 გვტ/სთ (23.8%) კი სომხეთისკენ. საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო საექსპორტო ფასი 3.3 აშშ ცენტი იყო კვტ/სთ-ზე, რაც თურქეთის საბაზრო ფასზე (4.2 აშშ ცენტი კვტ/სთ-ზე) ბევრად დაბალია და კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს.

შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება 2016 წლის მაისში მთლიანად ჰეს-ების მიერ წარმოებული ელექტროენერგიით მოხდა. ენგურისა და ვარდნილის მიერ წარმოებულმა ელექტროენერგიამ ჯამური მოთხოვნის 50% დააკმაყოფილა. იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა უმნიშვნელო იყო. დერეგულირებული ჰეს-ების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა წ/წ, სეზონური (რეგულირებული) ჰეს-ების წარმოება კი 7.9%-ით.

მაისში თბოსადგურების ჩართვა ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით საჭირო არ გახდა, თუმცა თბოსადგურების უმეტესობა, გარდაბნის (20/31 დღე) და თბილსრესის მესამე ბლოკის (0/31 დღე) გარდა, მთელი თვის განმავლობაში სარეზერვო რეჟიმში იდგა. იქიდან გამომდინარე რომ გარდაბნის თბოსადგური მხოლოდ 20 დღე იყო ჩართული, შემცირდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურიც და მაისში 0.012 ლარი შეადგინა კვტ/სთ-ზე (წინა თვეებში კვტ/სთ-ზე 0.02 ლარი ან მეტი).

წყარო: Galt & Taggart

Leave a Reply