"ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში"

“ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში”

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, ჰესის მშენებლობა არათუ დაცლის სვანეთს მოსახლეობისგან და ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს მას, არამედ, პირიქით, მისი სიტყვებით, ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში. შესაბამისად, ის ამბობს, რომ ნენსკრაჰესის მშენებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება.

მისივე სიტყვებით, პროექტი ხორციელდება საერთაშორისოსტანდარტების სრული დაცვითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით:

„რატომ უნდა გაჩერდეს ერთმილიარდდოლარიანი კერძო ინვესტიცია, რომელიც მთლიანად გარდაქმნის ზემო სვანეთის რეგიონს, შეიტანს უამრავ სიკეთესა და დოვლათს და ამ დროს თურმე ეს არ უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ჩართულობას, პროექტში მონაწილეობს მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ეს პროექტი უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება. რაც შეეხება სპეციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს, შეუძლებელია, რომ მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდეს, რადგან ეს პროექტი გადის ყველანაირ ფილტრს“,- განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნენსკრაჰესის მშენებლობა 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს, ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1.2 მლრდ კვტ.სთ იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.

წყარო:  www.tavisupleba.org

Leave a Reply

Menu Title