რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

ენერგოეფექტურობა ნაკლები ენერგიის გამოყენებით იმავე მომსახურებისა და პირობების მიღებას ნიშნავს.

1970 წლის შემდეგ ენერგოეფექტურობაში განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული სარგებელი სულ უფრო მზარდია. მაშინ, როცა ბოლო ათწლეულების მანძილზე ადამიანების მოთხოვნა გადაადგილებაზე, გათბობაზე, განათებასა და სხვა ენერგეტიკულ მომსახურებაზე საგრძნობლად გაიზარდა, ენერგეტიკასთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდის 74% ახალ ეფექტურ მოწყობილობა-დანადგარებზე მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო ნაკლებით უფრო მეტს ვაკეთებთ, რაც კარგი ახალი ამბავია.

ენერგოეფექტურობა არ ნიშნავს მხოლოდ ენერგიის დაზოგვას. ენერგოდაზოგვა ენერგიის მოხმარების შემცირება, ან შესაბამისი სერვისის არ მიღებაა. მაგალითად, ოთახში შუქის გამორთვა ენერგოდაზოგვაა, ხოლო ვარვარა ნათურის კომპაქტური ფლუროსცენტული ნათურით ჩანაცვლება (უზრუნველყოფს იგივე განათებას ნაკლები ენერგიის მოხმარებით) – ენერგოეფექტურობა.

გახდე უფრო მეტად ენერგოეფექტური, ნიშნავს შეამცირო გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი გავლენა და მასზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებები არ არსებობს. ეფექტურობის გაუმჯობესებით მიიღწევა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, არაგანახლებად ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულების შემცირება და ფულის დაზოგვა.

ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანი სტიმულია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. ასეთ ეკონომიკას უფრო მეტი ენერგიის გამოყენების გარეშე განვითარება შეუძლია. მაგალითად, 1998 წელს აშშ-ს მშპ 3.9%-ით გაიზარდა მაშინ, როცა ენერგიის გამოყენება 0.3%-ით შემცირდა. შედეგად, ენერგოეფექტურობით უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლია როგორც ერთ პიროვნებას, ისე მთელ ქვეყანასა და მსოფლიოს. ეს სარგებელი ძალიან ბევრი სახის შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი მიზეზი რის გამოც ადამიანები, კომპანიები და მთავრობები ენერგიას უფრო ეფექტურად იყენებენ შემდეგია:

  1. ზოგავს ფულს;
  2. ავითარებს ეკონომიკას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით;
  3. დადებითი გავლენა აქვს გარემოზე;
  4. უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას

ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, სხვადასხვა ქვეყნები და ორგანიზაციები სპეციალურ სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებს ამუშავებენ და მათ შესასრულებლად გარკვეულ ვალდებულებებსაც იღებენ. მაგალითად, ევროკავშირმა 2020 წლისთვის 20%- იანი ენერგიის დაზოგვის მიზანი დააწესა, რაც ამ დროისთვის პროგნოზირებული ენერგიის მოთხოვნის გათვალისწინებით 400 ენერგო გენერაციის ობიექტის გაჩერების ექვივალენტურია. 2014 წლის ოქტომბრის ევროკავშირის სამიტზე, წევრი ქვეყნები 2030 წლისთვის ეფექტურობის 27%-იან მიზანზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ევროკავშირმა შეიმუშავა რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მოიცავს:

  • ყოველწლიურად ქვეყნების მიერ ენერგო გაყიდვების 1.5%-ით შემცირებას;
  • წლიურად ცენტრალური მთავრობის მიერ დაკავებული შენობების მინიმუმ 3%-ში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას;
  • შენობების გაყიდვისა და გაქირავების დროს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის სავალდებულო წარდგენას;
  • წევრი ქვეყნების მიერ ყოველ სამ წელში ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
  • 2020 წლისთვის ელექტროენერგეტიკის სექტორში 200 მლნ, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში 45 მლნ ე.წ. „ჭკვიანი მრიცხველების“ დაყენებას;
  • დიდი კომპანიების მიერ ყოველ ოთხ წელში ენერგოაუდიტის ჩატარებას

2020 წლის მიზნების მისაღწევად ყოველწლიურად დაახლოებით 100 მლრდ ევროს ინვესტირებაა საჭირო. ამისათვის კი მრავალი დაფინანსების სისტემა შეიქმნა სხვადასხვა ტიპის ფონდებისა და პროგრამების სახით.

და ბოლოს, წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ:

  • თუ აშშ-ს ყოველი ოჯახი მხოლოდ ერთ ვარვარა ნათურას ეფექტურით ჩაანაცვლებს, დაზოგილი ენერგიით 3 მლნ ოჯახის 1 წლით განათების უზრუნველყოფა და წლიურად 9 მლრდ ფუნტი სათბურის გაზების ემისიის (800 000 მანქანის გამონაბოლქვის ექვივალენტური) შემცირებაა შესაძლებელი.
  • მიმდინარე წელს 285 მლნ ახალი კომპიუტერი გაიყიდა. მათ საწარმოებლად კი საჭირო იქნებოდა 25 მლნ ტონა წიაღისეული საწვავი – მეტი ვიდრე აშშ-ს შტატი აიოვა 1 წლის განმავლობაში მოიხმარს.
  • შენობებში მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 30% არაეფექტურად ან არასაჭიროებისამებრ მოიხმარება.
  • კომპაქტური ფლუროსცენტული ნათურა 75%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული ვარვარა ნათურა.

ენერგოდაიჯესტი

 

Leave a Reply

Menu Title