ენერგოომბუდსმენმა ნინო გულეიშვილმა EnergyNews-თან საუბრისას ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ თბილისში გაუმართავი სისტემის გამო 2 ათასზე მეტ აბონენტს დანადგარები ჩაეხსნათ, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ენერგოომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ გაუმართავი გამათბობელი ქვაბების არსებობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა.
„სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ კონკრეტულად „თბილისი ენერჯისგან“, შემაშფოთებელი ციფრები მივიღეთ - 170 ათასი გადამოწმებული აბონენტიდან 2 ათას აბონენტზე მეტთან დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომელიც დასრულდა მათი დანადგარების ჩახსნით, ხოლო 144 აბონენტს საერთოდ შეუწყვიტეს გაზის მიწოდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქ იყო პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდებოდა. პოტენციურად ეს აბონენტები ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყვნენ, რომ არა კომპანიების მხრიდან ეს შემოწმება.
მაგალითად, ქუთაისის შემთხვევაში 40 ათასამდე აბონენტი გადამოწმდა და დაახლოებით 3 ათასამდე აბონენტთან დაფიქსირდა პრობლემა, რომელიც მხოლოდ დანადგარის ჩახსნით დასრულდა. დაახლოებით 150-მდე აბონენტთან საერთოდ შეწყდა გაზის მიწოდება. მსგავსი სტატისტიკური შედეგები გვაქვს თელავშიც“. - ამბობს ნინო გულეიშვილი.
ენერგოომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ჩახსნილ დანადგარს მომხმარებელი თვითნებურად აერთებს გაზზე. მისი თქმით, ეს როგორც საფრთხის შემცველია სიცოცხლისთვის, ისე სამართალდარღვევაცაა.
„ხშირად კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიდის ჩვენების ასაღებად , ნახულობს და ამოწმებს გამათბობელ ქვაბს, სადაც ნახულობენ, რომ გაზზე დაერთებას მომხმარებლები თვითნებურად ახორციელებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანადგარი ჩახსნილია, მაგრამ მომხმარებელმა ის თვითნებურად დააერთა. ასეთ შემთხვევაში კომპანია სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს. მას უფლება აქვს, რომ მიწოდება ისევ შეუწყვიტოს და არ აღუდგინოს მანამ, სანამ პრობლემა არ მოგვარდება“. - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.