2025 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის 93% გაზიფიცირებული იქნება - ამის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული 2022-2024 წლების გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას 244 დასახლებულ პუნქტში არსებული 39 698 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგება და შესაბამისი საპროექტი-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაევალა.

ამ დროისთვის, 64 დასახლებული პუნქტის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. დაგეგმილი გაზსადენების სავარაუდო სიგრძე 871 383 მეტრია, რის შემდეგაც 11 000 ოჯახს შესაძლებლობა ექნება, რომ ბუნებრივი გაზით ისარგებლოს. ამ სამუშაოების განხორციელებისათვის კი 60 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2" კახა დვალი ამბობს, რომ ამჟამად, სამუშაო პროცესი 27 მუნიციპალიტეტის 120 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს, სადაც გაზსადენის სავარაუდო სიგრძე 1 021 600 სიგრძე მეტრია. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ კი 15 419 მოსახლეს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება. ამასთან, 479 დასახლებულ პუნქტში წინა საპროექტო მოკვლევითი სამუშაოები უკვე შესრულდა.

"ჩვენთვის კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი დასახლებული პუნქტები, სადაც ამ ეტაპზე გაზი არ არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს გაზიფიცირების პროექტებზე და სამომავლოდ, ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმება. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მომავალში გაზი ყველა დასახლებულ პუნქტში იყოს.

2019-2021 წლების განმავლობაში, ჩვენს კომპანიას 384 დასახლებული პუნქტის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ჰქონდა დაკისრებული, რამაც 88 ათასზე მეტ აბონენტს შესაძლებლობა მისცა, ბუნებრივ აირზე წვდომა ჰქონოდა," - აცხადებს დვალი.

აღსანიშნავია, რომ 2019-2022 წლებში მკვებავი გაზსადენების პროექტები წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა, რის საფუძველზეც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული სოფლების დაქსელვასა და გაზიფიცირებას ხელი შეუწყო.

გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა 2022 წელს დამტკიცდა, რომლის ფარგლებშიც "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 244 დასახლებულ პუნქტში არსებული 39 698 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება 135 272 350 ლარს შეადგენს.

"ბიზნესპარტნიორი"