დღესდღეობით საქართველოსთვის ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. წლების განმავლობაში ამ სექტორში საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც ბიძგი მისცა სწორი მიმართულებით განვითარებას.

ამ კუთხით, აღსანიშნავია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება, რომლის შემდგომაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ბუნებრივი გაზის სფეროს მომწესრიგებელ ნორმებში, მათ შორის, შეიცვალა ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ახალი კანონის თანახმად, ნაცვლად ორი ტიპის ლიცენზიისა, ბუნებრივი გაზის სექტორში კომისიას ლიცენზიების გაცემა დაევალა შემდეგი მიმართულებით:

  • ბუნებრივი გაზის გადაცემა;
  • ბუნებრივი გაზის განაწილება;
  • ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება;
  • გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება;
  • ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება;

ლიცენზიების მრავალფეროვნება იძლევა შესაძლებლობას, რომ ბუნებრივი გაზის მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის პროცესი მაქსიმალურად დახვეწილი და მოწესრიგებული იყოს, რაც, თავის მხრივ, სისტემის მდგრადობასაც იწვევს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი რეფომები გატარდა ტარიფის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. მაგალითად, კომისიის 2022 წლის 31 მარტის №16 დადგენილებით სატარიფო მეთოდოლოგიაში შეტანილი იქნა ცვლილება. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების შემუშავების ფარგლებში, კომისია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში გაითვალისწინებს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისგან შესყიდული აქტივების ღირებულებას შესაბამის შეფასების აუდიტორულ ანგარიშში მითითებული საბაზრო ღირებულებით, რომელსაც დაემატება ამ ღირებულების დადგენასთან დაკავშირებული აუდიტორული/საშემფასებლო მომსახურების დანახარჯი. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა სტიმულს მისცემს იმ ლიცენზიატებს, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვერ გაივლიან ავტორიზაციას სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრული წესით, აქტივები მიჰყიდონ ისეთ ლიცენზიატს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისიცაა, რომ  სატარიფო რეგულირების პერიოდი განისაზღვრა 5 კალენდარული წლით, ნაცვლად მანამდე არსებული 3 წლისა. განისაზღვრა საპროგნოზო ინფლაციის მაჩვენებლის ასახვის წესი სახელფასო ფონდთან მიმართებაშიც, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი უარყოფითი რიცხვია, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებულ იქნება ნულოვანი მაჩვენებლით, ხოლო თუ აღემატება 10%-ს, იგი გათვალისწინებულ იქნება 10%-ის ოდენობით, რაც მანამდე განსაზღვრული იყო 5%-ით.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე (მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები) უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოში გაზიფიცირებული დასახლებული პუნქტების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.