„გაზპრომმა“ ბელორუსისთვის გაზის მიწოდებაზე 2023-2025 წლებში კონტრაქტები გაახანგრძლივა და ფასზეც მოილაპარაკეს. „გაზპრომის“ ვებგვერდზე ისიც წერია, რომ მხარეები ე.წ.„ლურჯი საწვავის“ შემდგომ ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ.

დოკუმენტის მიხედვით, გაზის სავარაუდო ყოველწლიური ფასი 2023-2025 წლებში 250 მილიარდი რუსული რუბლი, ანუ 3,5 მლრდ დოლარია.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა შესაბამისი კონტრაქტები მინსკში გამართულ ბოლო შეხვედრაზე 19 დეკემბერს განიხილეს. საუბრისას შეთანხმდნენ, რომ გაზის ვაჭრობა ორივე მხარისთვის „ხელსაყრელი პირობებით“ გაგრძელდება.

ბელარუსია მოსკოვიდან იაფი გაზის მიწოდებაზე მრავალი წლის განმავლობაში იყო ეკონომიკურად დამოკიდებული. ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ლუკაშენკო არაერთხელ ეწვია კრემლს, რათა პუტინთან გაზის დაბალ ფასზე მოლაპარაკება დაეწყო.

რუსული გაზის წინააღმდეგ ევროპული და დასავლური სანქციების ფონზე, მოსკოვი ცდილობს, რომ თავისი გაზი რუსეთისთვის ჯერ კიდევ ღია ბაზრებზე გაყიდოს.

წყარო: commersant.ge