დაბალემისური წყალბადის ახალი პროექტების მიმართ ძლიერი ინტერესია, თუმცა, რთული ეკონომიკური ფონი ინვესტიციების განხორცილებას რისკის ქვეშ აყენებს.

ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს“ (IEA) წყალბადის ყოველწლიურ გლობალურ მიმოხილვაში.

„მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ემისიის წყალბადის მიმართ ინტერესი მზარდია, ფინანსური სტიმულირების ნელი გავრცელება და ხარჯების ჯიუტი ზეწოლა საფრთხეს უქმნის პროექტებს. თუმცა, წარმოების დონე კვლავაც შეიძლება არსებითად გაიზარდოს 2030 წლისთვის, თუ ყველა გამოცხადებული პროექტი განხორციელდება და მეტი ძალისხმევა ჩაიდება ათვისების წახალისებაში“ - ნათქვამია IEA-ის ახალ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ წყალბადის ეროვნული სტრატეგიები უკვე ჩამოაყალიბა. მიუხედავად ამისა, დადგმული სიმძლავრე და მოცულობები დაბალი რჩება, რადგან დეველოპერები ინვესტიციების განხორციელებამდე მთავრობის მხარდაჭერას ელოდებიან. შედეგად, დაბალემისიური წყალბადი კვლავ შეადგენს წყალბადის მთლიანი წარმოებისა და გამოყენების 1%-ზე ნაკლებს.

გლობალური ენერგეტიკული კრიზისის, მაღალი ინფლაციისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების ფონზე, ახალ პროექტებს წინაღობად ხვდებათ მზარდი ხარჯები, რაც საფრთხეს უქმნის გრძელვადიან მომგებიანობას. ინფლაცია და სესხის აღების უფრო ძვირი პირობები გავლენას ახდენს წყალბადის ღირებულების მთელ ჯაჭვზე, ზრდის დეველოპერებისთვის დაფინანსების ხარჯებს და ამცირებს მთავრობის მხარდაჭერის გავლენას. ფაქტორების ეს შერწყმა განსაკუთრებით საზიანოა ინდუსტრიისთვის, რომელსაც მაღალი წინასწარი ხარჯები აქვს, რომლებიც დაკავშირებულია აღჭურვილობის წარმოებასთან, მშენებლობასთან და მონტაჟთან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის ბოლოსთვის წყალბადის წარმოებისთვის სიმძლავრემ თითქმის 700 მეგავატს მიაღწია. თუ ყველა გამოცხადებული პროექტი განხორციელდება, 2030 წლისთვის 420 გიგავატი იქნება მიღწეული, რაც 75%-ით მეტია IEA-ს 2022 წლის მიმოხილვასთან შედარებით.

„2022 წელს წყალბადის მოხმარებამ გლობალურად 95 მილიონ ტონას მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 3%-ით გაიზარდა. მოთხოვნის ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითად მომხმარებელ რეგიონში, გარდა ევროპისა, სადაც ინდუსტრიული აქტივობა ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრი ზრდის გამო შენელდა. თუმცა, დაბალემისიური წყალბადის ათვისება კვლავ ძალიან შეზღუდული რჩება, რაც წყალბადის მთლიანი მოთხოვნის მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს. შედეგად, ტრადიციული წყალბადის წარმოებამ და გამოყენებამ 2022 წელს ატმოსფეროში დაახლოებით 900 მილიონი ტონა CO2 გამოუშვა“ - განაცხადა IEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა.