საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია შიდა ქართლში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის" მაგისტრალური გაზსადენის "ლეხურა-სვენეთის" 20,5 კმ-იან მონაკვეთს აშენებს.
მილსადენის მე-12 კილომეტრის მშენებლობის სამუშაოებს, სოფელ ნადარბაზევთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
კორპორაციის ცნობით, "ლეხურა-სვენეთის" 20.5 კმ-იანი მშენებარე მილსადენი ჩაანაცვლებს უკვე არსებულ მოძველებულ მონაკვეთს და აგრეთვე, ახალ ტერიტორიებსაც მოიცავს.
ახალი გაზსადენი ექსპლუატაციაში 2024 წლის მეორე ნახევარში შევა.
კორპორაცია განაგრძობს გაზის ტრანსპორტირების სისტემის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული.