ბიოდიზელის მწარმოებელი ''ბიოდიზელ ჯორჯია'' საკანონმდებლო ხარვეზებზე მიუთითებს, რის გამოც, პროდუქტი სამმაგი აქციზით იბეგრება.
„ბიოდიზელ ჯორჯიას'' დირექტორის მურმან პატარაიას განცხადებით, წარმოების პროცესში კომპანია ისედაც იხდის შესაბამის რაოდენობაზე აქციზის გადასახადს. პრობლემა იქმნება მაშინ, თუ სუბიექტმა იყიდა ბაზარზე ნავთობდიზელი და აქვს სურვილი რომ ბიოდიზელი შეურიოს.
„ე.წ. ბლენდირება ცივილური პროცესია და ევროკავშირში კონცენტრაციის მიხედვით იყიდება B5, B10 და B20. ევროკავშირი ამბობს, რომ 2030-ში B30-ზე უნდა გადავიდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტში 30% ბიოდიზელი, დანარჩენი კი ჩვეულებრივი ნავთობდიზელი უნდა იყოს. აქ ის პრობლემა გვაქვს, რომ ნათობდიზელთან ბიოდიზელის შერევის შემდეგ, ჩვენი კანონმდებლობით, ის ახალ პროდუქტად კლასიფიცირდება, რაც გულისხმობს, რომ დამატებითი აქციზის გადასახადით იბეგრება მესამედ - ერთხელ გადახდილი აქვს ბიოდიზელს, მეორედ გადახდილი აქვს ნავთობიმპორტიორს, მესამედ კი - ბლენდირებული უნდა დაიბეგროს. ჯამში ეს გამოდის 400 ლარი, ლიტრზე კი - 40 თეთრი, რაც პროდუქტს კონკურენტულობას აკარგვინებს. ეს არის ხარვეზი რაც უნდა გამოსწორდეს და ვმუშაობთ ამაზე სახელმწიფო სტრუქტურებთან“ - აცხადებს მურმან პატარაია გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“.
ბიოდიზელი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წყაროა. ''ბიოდიზელ ჯორჯია'' ჰორეკა სექტორში დაგროვებულ მეორეული წარმოების ზეთებს აგროვებს და გადაამუშავებს.