თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. სირიის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ გაზიანთეპთან ძლიერ ბიძგებს მორიგი რყევები მოჰყვა. რამ გამოიწვია ეს დამანგრეველი მიწისძვრა და როგორ ხსნიან მეცნიერები მომხდარის მიზეზებს? – ამ და სხვა კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა.

რატომ იყო მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?

გაზიანთეპის რეგიონში მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდად შეფასდა. აღნიშნული სკალის მიხედვით, მსგავსი მასშტაბის ბიძგები დამანგრევლად მიიჩნევა. მისი ეპიცენტრი მდებარეობდა მიწისქვეშ, არც თუ ისე ღრმად – დაახლოებით, 18 კმ-ის სიღრმეში, რამაც ზედაპირზე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. „ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მაგნიტუდის მიწისძვრა მხოლოდ ორი იყო, წინა ათწლეულის განმავლობაში კი – ოთხი“, – განმარტავს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რისკისა და კატასტროფების შემცირების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯოანა ფორ უოკერი.

თუმცა ნგრევის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ბიძგების სიმძლავრე არ ყოფილა. ამ შემთხვევაში ეს მოხდა გვიან ღამით, როდესაც ადამიანებს ეძინათ. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმ შენობების მდგრადობა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. თურქეთსა და სირიაში მაშველები ნანგრევების ქვეშ მყოფ ადამიანებს ეძებენ, მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი კვლავ იზრდება. ისმის კითხვა: რატომ დაზარალდა სირია თურქეთზე მეტად? პორტსმუთის უნივერსიტეტის ვულკანოლოგიისა და რისკების კომუნიკაციის სპეციალისტის, დოქტორ კარმენ სოლანას თქმით, პირველი ბიძგების შემდეგ მომდევნო 24 საათი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის მდგრადობა სამხრეთ თურქეთში და განსაკუთრებით, სირიაში არც ისე სახარბიელოა. ამიტომაც ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა ძირითადად რეაგირებაზეა დამოკიდებული. ბიძგების შემდეგ მომდევნო 24 საათი გადამწყვეტია გადარჩენილთა მოსაძებნად, 48 საათის შემდეგ კი მათი რიცხვი მკვეთრად იკლებს”, – განმარტავს სოლანა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონს არ განუცდია ძლიერი მიწისძვრები ბოლო 200 წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ მზადყოფნის დონე უფრო დაბალია, ვიდრე – იმ ადგილებში, რომლებიც რეგულარულ ბიძგებს უფრო მიჩვეულნი არიან.

რამ გამოიწვია მიწისძვრა?

დედამიწის ქერქი შედგება ტექტონიკური ფირფიტებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გადაბმული. ხშირად ფილები გადაადგილებას ცდილობენ, მაგრამ მათ ამაში მეზობელ ფილებთან ხახუნის ძალა ხელს უშლის. ზოგჯერ წნევა მატულობს მანამ, სანამ ერთი ფირფიტა ადგილიდან არ დაიძვრება და ზედაპირზე მოძრაობას არ გამოიწვევს. ამ შემთხვევაში, ამოქმედდა არაბეთის ტექტონიკური ფილა, რომელიც ჩრდილოეთით მოძრაობდა და ანატოლიის ტექტონიკურ ფილას შეეჯახა. სწორედ ამ ფილების ხახუნი იყო წარსულშიც დამანგრეველი მიწისძვრების მიზეზი. 1822 წლის 13 აგვისტოს მან გამოიწვია 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ორშაბათს დაფიქსირებულ 7,8 მაგნიტუდაზე. ასეა თუ ისე, მე-19 საუკუნის მიწისძვრამ მასობრივი ზიანი მიაყენა მიმდებარე ტერიტორიის ქალაქებს, მხოლოდ ქალაქ ალეპოში 7 ათასი ადამიანი დაიღუპა. მაშინ დამანგრეველი ბიძგები თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ამჟამინდელი მიწისძვრის შემდეგ უკვე განმეორდა რამდენიმე შემდგომი ბიძგი და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ე.წ. აფთერშოკები იქნება იმავე ტენდენციის მიხედვით, როგორც ეს რეგიონში მომხდარი წინა ძლიერი მიწისძვრის დროს იყო.

როგორ იზომება მიწისძვრა?

მიწისძვრა იზომება სკალით, რომელსაც მაგნიტუდის ან რიხტერის (ამერიკელი სეისმოლოგი ჩარლზ რიხტერი, რომელმაც პირველმა შესთავაზა მეცნიერებას ამ მასშტაბის გამოყენება) სკალას უწოდებენ. ამ უკანასკნელის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად საშიში ბიძგები  2,5 მაგნიტუდამდეა და როგორც წესი, ისინი არ იგრძნობა. მათი აღმოჩენა მხოლოდ სპეციალური აპარატურით არის შესაძლებელი. 5 მაგნიტუდამდე ბიძგები უკვე იგრძნობა და მცირე ზიანს იწვევს. თურქეთის ამჟამინდელი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა კი მიეკუთვნება დამანგრეველი მიწისძვრების კატეგორიას და ზედაპირზე არსებულ ნაგებობებს სერიოზულ ზიანს აყენებს. 8 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის მიწისძვრა ითვლება კატასტროფულად, რომელსაც შეუძლია ეპიცენტრი სრულად გაანადგუროს. 2011 წლის მარტში, იაპონიის სანაპიროზე 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია ხმელეთზე უდიდესი ნგრევა და გიგანტური ცუნამების სერია, რომელთაგან ერთ-ერთი იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა – 1“-ზე კატასტროფის მიზეზი გახდა. ყველაზე ძლიერი – 9,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ჩილეში, 1960 წელს დაფიქსირდა.

წყარო: imedinews.ge