საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ (სსე) პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური მოდული - „მონაცემთა ბაზა“ წარადგინა.
სსე-ს ინიციატივით შექმნილი და ამოქმედებული მოდული უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის თანამედროვე სტანდარტებით მართვას, მომხმარებელს სთავაზობს დაცულ, განახლებად, ხელმისაწვდომ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტის სტატუსის ნახვა, სასურველი პერიოდისა და პარამეტრის მითითებით.
სსე-ს ინფორმაციით, პროგრამას ანალოგი არ გააჩნია. ის მოქნილი სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის შექმნას, მართვა/მონიტორინგს და რეპორტინგს. ბაზის პარამეტრები მაქსიმალურადაა მორგებული, როგორც სრულად ორგანიზაციის, ასევე კომპანიის ცალკეული დეპარტამენტისა და სამსახურის საქმიანობაზე.
თანამედროვე პროგრამების დანერგვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, მოქნილი გახადოს მონაცემთა ბაზის თანამედროვე სტანდარტებით მართვა და გაზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
მონაცემთა ბაზა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ვანო ზარდიაშვილმა წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.