15 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ფასები უნდა გადაიხედოს - ამის შესახებ „ენერგონიუსთან“ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ამ საკითხზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთპიროვნულად, მხოლოდ მეგავატებზე დაყრდნობით მიდგომა არ შეიძლება. არ შეიძლება 2 მგვტ-იანსაც და 15 მგვტ-იან სადგურსაც 300 ათასი დოლარი უჯდებოდეს ქსელთან მიერთება. გასაგებია, რომ მეტი სიმძლავრის გატარებას მეტი მოწყობილობა სჭირდება, მაგრამ, არის ბევრი ხარჯი, რომელიც მიერთებისთვის ერთი და იგივეა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი უფრო კლებადი უნდა იყოს - 2 მგვტ-ის სადგურისთვის თუ ეს თანხა 300 ათასი ლარია, 15 მგვტ-იანისთვის ვფიქრობთ, რომ უნდა ჩამოვიდეს მაგალითად 100 ათას ლარზე. არ შეიძლება ამხელა ფასი დადგინდეს ამხელა ამპლიტუდაში“ - განმარტავს გიორგი აბრამიშვილი.

სემეკმა 15 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი თებერვალში დაამტკიცა.

სემეკში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია ინვესტორების მიმართ არადისკრიმინაციულ მიდგომას უზრუნველყოფს და შესაძლებლობას აძლევთ წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები.

ქსელთან მიერთების ფასი 2 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისთვის 60 ათას ლარს შეადგენს [დღგ-ის ჩათვლით]. 2 მგვტ-დან - 15 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისთვის საფასური კი 300 ათას ლარს (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს. 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის მსგავსი წესი პირველად განისაზღვრა.