2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა.

Galt $ Taggart-ის 2024 წლის პირველი ნახევრის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ზრდა საცალო (+4.9% წ/წ) დაპირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

"პირდაპირი მოხმარების მატება კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება, რაც კრიპტო აქტივების და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია. ამასთან, მეტალურგიული კომპანიების
განცხადებით, ფასები ჯერ საკმარისად გაზრდილი არ არის, რომ საწარმოებმა სრული დატვირთვით იმუშაონ. შესაბამისად, მოხმარების ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალია, რაც მეტალის ფასების ზრდის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული,"-აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია და იმპორტი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა. ჯამური მიწოდების 77.7%-ს ჰიდრო სადგურები, 15.9%-ს თბოსადგურები,
0.5%-ს ქარის სადგურები, დარჩენილ 5.9%-ს კი იმპორტი შეადგენდა.

"აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი წყაროდან წლიურად მხოლოდ ჰიდროსადგურების გენერაციაა გაზრდილი. მათ მიერ
გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 13.5%-ით გაიზარდა და 6.1 ტვტ.სთ შეადგინა. 2024 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც იმპორტის, ასევე თბოგენერაციის მოცულობა. იმპორტი წლიურად
23.9%-ით 0.5 ტვტ.სთ-მდე, ხოლო თბოგენერაცია წლიურად 26.3%- ით 1.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. ორივე კომპონენტის კლება პირველ კვარტალში დაფიქსირებული შემცირების შედეგია, ვინაიდან,  ტრადიციულად, მეორე კვარტალში მათი საჭიროება (და შესაბამისად გამოყენება) ნაკლებია. ჯამურად, 2024 წლის პირველ ნახევარში იმპორტულ ელექტროენერგიაში რუსეთს 91.4% წილი ეჭირა (განკუთვნილი სრულად აფხაზეთისთვის), დარჩენილი 8.6% კი აზერბაიჯანს,"-აღნიშნულია მიმოხილვაში.

bp.ge