„ენგურჰესის“ სამომავალო და დასრულებული რეაბილიტაცია, „ვარდნილჰესების კასკადის“ პერსპეტივა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება - ამ საკითხებზე „ენერგონიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ესაუბრა.

როგორ მუშაობს დღეს რეაბილიტირებული „ენგურჰესი“ რა შედეგები გაქვთ ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ?

სარეაბილიტაციო სამუშაოები - რაც აგრეგატებს და გამომუშავებას შეეხებოდა, ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო, ბოლო ფაზა კი, 2016 წელს დასრულდა. შედეგად, მივიღეთ საპროექტო სიმძლავრე და საპროექტო გამომუშავება. ახლა, ენგურჰესს აქვს 1150 მგვტ ტვირთი. 90-იან წლებში ეს მაჩვენებელი 300-400 მგვტ იყო და თუ 500 მგვტ-ს მივაღწევდით ძალიან გვიხაროდა. ასევე, ვარდნილჰესი 1-ც რეაბილიტირდა და ისიც გავიდა საპროექტო სიმძლავრეზე - 210 მგვტ-ზე. ამ რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში საშუალო გამომუშავება 3.7 მლრდ კვტ სთ-ია, მაგრამ ორჯერ კარგი შემოდინების პირობებში გვქონდა 4.3 მლრდ, რაც თეორიული საპროექტო გამომუშავებაა. სადგური მუშაობს უავარიოდ, ცენტრალური დისპეტჩერის განკარგულების შესაბამისად.

ბოლო რეაბილიტაციისას, როდესაც სადგური გავაჩერეთ და გვირაბის რემონტი დავიწყეთ, ჩვენ შევძელით საგრძნობლად შეგვემცირებინა წყლის დანაკარგები, რის შედეგადაც, წელიწადში დაგვემატა 100 მლნ კვტ-სთ. რაც უქმად იკარგებოდა გვირაბიდან, ახლა ტურბინაში მიდის და დამატებით გამომუშავებას გვაძლევს.

გარდა რეაბილიტაციის შემდგომი ეტაპისა, რომელიც 2025-2026-ში სადგურის კვლავ გაჩერებას გულისხმობს, მუშაობთ „ენგურჰესში“ ციფრული მმართველობის დანერგვაზეც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას შეცვლის სადგურის ოპერირებაში?

ყველა მონაცემი, ყველა პარამეტრი - ეს იქნება ტექნიკური ნაწილის მართვა, ფინანსური მართვა, კადრები, მასალების შესყიდვა - ყველაფერი, რაც კომპანიის გარშემოა, ერთ პლატფორმაზე განთავსდება და პროგნოზირებადი გახდება. გაგვიადვილებს მუშაობას და შეგვიმცირებს ექსპლუატაციის დანახარჯებს. გაგვიუმჯობესებს დაგეგმვას მომავალში - რა დროს რა ვიყიდოთ, რა სათადარიგო ნაწილი. რა პერიოდულობით და სიხშირით არის ეს საჭირო - პროგრამაში იქნება ასახული.

ამ დროისთვის ციფრული მართვის გარკვეული ელემენტები დანერგილი გვაქვს, მათ შორის აგრეგატების მართვის და ა.შ. მაგრამ ეს გაერთიანდება ერთი პროგრამის ქვეშ. ბევრი რამ ახალია შემოსატანი, რომელსაც არსებული მიუერთდება და იქნება ერთი კომპლექსური პროგრამა და სისტემა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც „ენგურჰესს“ გაუჩნდა, ტურისტული დანიშნულებაა. ამ კუთხით, როგორ ხედავთ "ენგურჰესის" პერსპექტივას?

დიდი ხანი არაა, რაც ენგური ტურისტულად გაიხსნა. შეიქმნა კომპანია შპს „ენგური ატრაქცია“, რომელიც „ენგურჰესის“ შვილობილი კომპანიაა. შარშანდელი მაისის შემდეგ 60 ათას ვიზიტორზე მეტმა მოინახულა ჩვენი კაშხალი. ეს ციფრი შთამბეჭდავია. ჩვენ მომავალში დაგეგმილი გვაქვს მინის გადასახედი მოედნის მოწყობა, სადაც ექსტრემის მოყვარულებს შეეძლებათ დგომა და 275 მეტრი სიმაღლიდან ქვემოთ ჩახედვა, დაგეგმილი გვაქვს ორი მინის ლიფტის მოწყობა კაშხლის ტანზე, ზიპლაინები. როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდება, მერე შესაძლებელი იქნება ისეთი მომსახურების დამატება, როგორიცაა კატერებით გასეირნება წყალსაცავში. „ენგურჰესი“ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. მობრძანდით და თავად ნახავთ რა შთამბეჭდავია - ირგვლივ მთები და ზურმუხტისფერი წყალი.

რაც შეეხება „ვარდნილჰესს“, რომელიც „ენგურჰესის“ შვილობილი კომპანიაა, აქ რა ეტაპზეა რეაბილიტაციის პროცესი?

რეაბილიტაციის სამუშაოები ჰესი 1-ზე დავასრულეთ. თუმცა, რაც დარჩა, მომავალ პროგრამაში გვაქვს გათვალისწინებული. მთლიანად სადგური საპროექტო სიმძლავრეზე უკვე მუშაობს. მისი დადგმული სიმძლავრე 220 მგვტ-ია.

რაც შეეხება გაჩერებულ კასკადებს - მეორე, მესამე და მეოთხე ვარდნილჰესებს, რა პერსპექტივა აქვს მათ აღდგენასა და ამუშავებას?

შენობა არის, ჰიდროტექნიკური ნაგებობები არსებობს, წყალი მიედინება, თუმცა, რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, იქ უკვე აღარაფერი არსებობს. მოსატანია ჰიდრომექანიკური მოწყობილობები, ტურბინა-გენერატორები და გასაშვებია. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

ბოლო ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლით, რომელიც შვეიცარიულმა კომპანიამ გაგვიკეთა, ერთად, სამივეს სიმძლავრე 100 მგვტ-მდე იქნება და წელიწადში 400 მლნ კვტ.სთ-ს გამოიმუშავებს. პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არის. ჩვენ ახლა ვცდილობთ ეს საკითხები მოვაგვაროთ აფხაზურ მხარესთან და დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა. თუ შევთანხმდებით და თანხა გამოყოფა, თანხის გამოყოფიდან დაახლოებით, სამ წელიწადში ეს სიმძლავრე უკვე მთლიანად გვექნება.

თუმცა, ალბათ ამ შემთხვევაში, ამ გამომუშავების განაწილებაც მოგვიწევს ოკუპირებულ აფხაზეთთან, ისე როგორც ეს „ენგურჰესის“ შემთხვევაშია.

დიახ, ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. წელს, საბედნიეროდ, შეინიშნება აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის კლება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რა თქმა უნდა, აღდგენას აზრი ექნება, და თუ მოხმარება ისევ გაიზარდა, საკითხი სათუო იქნება. შესაძლებელია, არც ღირდეს მათი აღდგენა.

მთლიანობაში, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის როგორია „ენგურჰესის“ მნიშვნელობა?

მოდით, რამდენიმე ფაქტს მოგიყვანთ - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი სიმძლავრეები ამოქმედდა საქართველოში, ენგური-ვარდნილის წილი მთელ გამომუშავებულ ენერგიაში არის დაახლოებით 35%. თუ ახალი ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 5.5 ცენტი და მეტი ღირს, ჩვენი ტარიფი დაბალია. „ენგურჰესის“ გამომუშავებული 1 კვტ.სთ 1.857 ღირს, ვარდნილჰესის 2.02. ასე რომ, სიიაფით და რაოდენობით ძალიან მნიშვნელოვანი ელექტროენერგიაა და გარდა ამისა, ენგური და ვარდნილი, ორივე მარეგულირებელი სადგურები არიან - წყალსაცავები გააჩნიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგოსისტემის მოთხოვნის შესაბამისად, რამდენიმე ათეული წამის განმავლობაში შეუძლიათ სიმძლავრე შეცვალონ.

დავუშვათ, რაღაც წონასწორობაა ენერგოსისტემაში - 1000 მგვტ-ია მოხმარება და 1000 მგვტ-ია გამომუშავება. გამოირთო რომელიღაც გენერატორი სისტემაში და გაჩნდა პირობითად, 100 მგვტ-ის დეფიციტი. ამის დაფარვა „ენგურჰესს“ შეუძლია 45 წამის განმავლობაში. მაშინ, როდესაც გაჩერებულ თბოაგრეგატს გაშვებიდან 6 საათი სჭირდება მისაერთებლად, გაჩერებულ ენგურჰესს კი 3.5 წუთი - 6 საათის საპირწონედ.

ამასთან, ზამთარში, როდესაც შიდა გენერაცია საკმარისი არ არის და იმპორტი შემოგვაქვს - მაგალითად, გამოირთო ეს ხაზი ავარიულად. იმ წუთშივე ამას აკომპენსირებენ მხოლოდ წყალსაცავიანი მარეგულირებელი ჰესები. ყველაზე დიდი კი, ამ შემთხვევაში - ენგური და ვარდნილია.

ფაქტია, რომ მარეგულირებელი ჰესები უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ არსებობს გარკვეული შიშები ამ ტიპის ობიექტების მიმართ?

თავიდანვე არასწორად გავრცელდა გარკვეული ინფორმაცია დიდ ჰესებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიყვარს საკითხში ღრმად ჩახედვა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე - ვაშენებთ თუ არ ვაშენებთ.

თუ ვაშენებთ, უკვე შემდეგი საკითხია რამდენად კარგ კვლევებს გავაკეთებთ, ვის დავიქირავებთ, გარემოზე ზემოქმედებას როგორ შევისწავლით და ა.შ.

მარტივ მაგალითს მოვიყვან - ავსტრია არის პატარა ქვეყანა, ტერიტორიულად ჩვენნაირი. ჩვენ მოვიხმართ 12 მლრდ კვტ.სთ-ს. ავსტრიამ კი წინა წელს გამოიმუშავა 68 მლრდ კვტ-სთ და აქვთ 638 ჰესი. შვეიცარიამ 75 მლრდ კვტ.სთ გამოიმუშავა. გარდა ატომური სადგურებისა, თითქმის ყველა მდინარეზე ჰესი აქვთ. თავად მოიხმარენ 57 მლრდ კვტ.სთ-ს, 18 მლრდ-ს კი ყიდიან. ენგურის მსგავსი დიდი კაშხლები ქვეყანაში 13-ზე მეტი აქვთ. იმ მოწინააღმდეგეებს რომ შევთავაზოთ ალტერნატივა - შვეიცარიაში იცხოვრებენ თუ საქართველოში, სიამოვნებით გაიქცევიან შვეიცარიაში. იქ ჰესები კარგია, ჩვენთან კი ქვეყანას აოხრებს.

ალტერნატივა რა გვაქვს? გაზი და ნავთობი არ გაგვაჩნია. ატომური სადგურის აშენებასაც არავინ დაეთანხმება, თუმცა, ჩემი აზრით, ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყაროა. ელექტროენერგია გვჭირდება - ასეა ქვეყანა მოწყობილი, უნდა ვაშენოთ ხარისხიანად. ეს არის მთავარი.